იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, “იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ცნობით, 2023 წელს ქვეყანაში ყივანახველის 119 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, 10 აპრილამდე პერიოდში კი 235 შემთხვევაა აღრიცხული. ინფორმაცია ამის შესახებ ჩხაიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
მისივე თქმით, ყივანახველის დროს ხველის შემამცირებელი და შემაჩერებელი საშუალება არც საქართველოში და არც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის. პრევენციის ერთადერთი საშუალებაა ანტიბიოტიკი, რომელიც ფილტვების ანთების გართულების პრევენციის მიზნით ინიშნება.
“ყივანახველას დიაგნოზით ბავშვი იმ შემთხვევაში შეიძლება მოთავსდეს სტაციონარში, თუ დაავადება ფილტვების ანთებით გართულდა. იმ პაციენტებს, რომლებიც ჩვენს კლინიკაში მოთავსდნენ, ყივანახველის განვითარების გართულებები აღენიშნებათ. ფილტვების ანთება შესაძლოა განვითარდეს დაავადების დასაწყის ეტაპზე, ან ალაგების დროს.
2024 წელს ყივანახველას შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად არის მომატებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2023 წელს ქვეყანაში ყივანახველის 119 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, წელს კი, 10 აპრილამდე პერიოდში 235 შემთხვევა გვაქვს.
მთავარია, რომ მშობლებმა ყურადღება მიაქციონ ხველის გახანგრძლივების ფაქტს. დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები იმდენად სპეციფიკურია, რომ მშობელსაც და ექიმსაც შეუძლია აქტიურ ფაზაში მისი გარჩევა.
დაავადების დაწყებიდან 2 კვირამდე პერიოდში ვითარდება ტიპური რეპრიზი, ყივილის მსგავსი ხმა, რომელიც მოჰყვება რამდენიმე შეუჩერებელი ხველის ეპიზოდს.
ეს იწყება დაავადების პირველი ნიშნის გამოვლენიდან 2 კვირის შემდეგ და რიგ შემთხვევაში თან ახლავს ღებინების შეგრძნება, მწვავე შეტევის ფაზაში სახეზე სიწითლე და ჰაერის უკმარისობა, ასევე სისხლჩაქცევების განვითარება. ყივანახველას ხველის ხანგრძლივობა გამოარჩევს. ხველა, შესაძლოა, გაგრძელდეს 100 დღემდე.
ვაქცინაცია პრევენციის ყველაზე მთავარი ფაქტორია. ყივანახველის დროს ხველის შემამცირებელი და შემაჩერებელი საშუალება არც საქართველოში და არც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის. პრევენციის ერთადერთი საშუალებაა ანტიბიოტიკი, რომელიც ფილტვების ანთების გართულების პრევენციის მიზნით ინიშნება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძუძუთი კვებას. პირველი 6 თვე, ბავშვის იმუნიტეტი დედის რძისგან ყალიბდება, ანტისხეულების ხარჯზე. თუ ძუძუთი კვებაზეა ბავშვი, პირველი 6 თვე დაცულია. ვაქცინაცია ერთადერთი გზაა თავიდან აცილების თვალსაზრისით,” – აღნიშნა ჩხაიძემ.