ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. გამზარდია ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს.
გამზარდიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
Nino Lomjaria მოყვები სიმართლეს თუ მე მოვყვე? მოკლედ, ნინო ლომჯარია დედით არის თიანელი, როგორც მე. ბავშვობა ჩემსავით იქ აქვს გატარებული და ახლაც ჩადის ხოლმე.
ამას წინ , ერწოდან თიანეთში ვარ ასული, ახლობელი ვნახე, დავლიე და მთვრალი მოვბოდიალობ თიანეთში. ადრეული გაზაფხულის ზამთრისებური დღეებია და ცოტა ხალხია.
აი, ის ის იყო, კუჟბაღის კიბეებს გავცდი ჭურჭელაურებისკენ მიმავალ გზაზე, უფრო კი ბაღიაანებში, რომ მარცხნივ ჩასახვევთან რაღაც უცნაური ხმები მომესმა, სწორედ პეტო პაპასა და დარო ბაბოს ჩასახვევთან.
მეთქი რა ხდება?
გავაგრძელე გზა. სიტყვები უფრო გამორჩეულად მესმის “შფრეხ, ბრუხ, ჰაინე, ხოხ, შვაინ…” თიანეთში არაერთი გერმანელი ცხოვრობს, მახსოვს ერთი ბერტა შრაიდერი, გერმანელ-ებრაელი, ძალიან მაგარი ქალი იყო, ხმა ჰქონდა რაღაც სხვანაირი სილამაზის, ჰოდა, ვიფიქრე, მისი ნათესავი ხომ არაა ვინმე ჩამოსული და მის შვილიშვილებს ელაპარაკება-თქო.
ცოტაც გავიარე, უკვე ლაშარის ქუჩაზე ვიყავ, ძველი ფოსტისკენ მიმავალ გზაზე, ადრე იქ ლამაზი პატარა მდინარე საჭურე ჩამოდიოდა, მაგრამ მერე ადგილობრივებმა ისე დააბინძურეს, არხი გადააგდეს თიანეთს ზემოდან ქუსნოსკენ.
მოკლედ…
ცოტაც და…
ორი ადამიანის სილუეტი გამოჩნდა, გერმანულად ლაპარაკობდნენ. ერთმა, უცბად, ჩანთიდან რაღაც ამოიღო, ქალმა, მიაწოდა მის წინ მდგომ კაცს და უთხრა, თუ ყველაფერს ისე გააკეთებ, რაც გითხარი, მეორესაც მიუღებო. თიანური ჟიპიტაურის ბოთლი ეჭირა. მიაწოდა. მოშორდა და ცალკე გზაზე წავიდა. მეორე კი – მამაკაცი, ჩაჯდა ახლო მდგომ ავტომობილში და თიანეთის ცენტრისკენ წავიდა.
დავაკვირდი იმ ქალს, ვიცანი. ნინო იყო ლომჯარია. ვიფიქრე ვინმეს დამბალ ხაჭოზე დაუდო გარიგება და იმაში მისცა ჟიპიტაური. დარჩენილსაც რომ მოუტანდნენ, მერე მეორე ბოთლსაც მისცემდა.
გავიხედე გუშინ, შევხედე ტელევიზორს და… რას ვხედავ, ეს ის კაცი არაა, ვისაც თიანეთში ლომჯარია არ არიგებდა? სულ სიტყვა-სიტყვით გაიმეორა შოლცმა ლომჯარიას ის დანაბარები, რაც ძველ ფოსტასთან უთხრა.
აი, ამას მალავს ეს დღეები ლომჯარია. ხაინდრავა მართალია. ჟიპიტაური გადაუხადა ლომჯარიამ შოლცს, თიანეთში, ლაშარის ქუჩაზე, ძველ ფოსტასთან.
ეს უნდა იცოდეთ, რადგან თვითონ არ ყვება. _ წერს გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.