გუშინდელ აქციაზე „არა რუსულ კანონს” პოლიციამ 63 ადამიანი დააკავა. დღეს, დილიდან ხდება ცნობილი, რომ რუსთაველზე პარლამენტის წინ მორიგი აქცია იმართება. აქციაზე ჩასვლას აპირებენ რეგიონებიდან. სოციალურ ქსელში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება თუ როგორ მოუწოდებენ სამოქალაქო აქტივისტები აქციაზე მისვლას.
ოზურგეთიდან სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის” წევრები და მათი მეგობრები მიდიან პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე.
„თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ოთარ რევიშვილი „გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ რუსული კანონის მიღება ქართველი ხალხის განვითარებას და ევროკავშირთან დაახლოებას შეუშლის ხელს.
„არა რუსულ კანონს და არა რუსულ ხელისუფლებას”. ეს კანონი გვაკარგვინებს შესაძლებლობას გავხდეთ ევროკავშირის წევრი, გვაბრუნებს რუსულ ორბიტაზე. ეს კანონი ხდის ამ ქვეყანას მოწყვლადს. შესაბამისად, ეს ხელისუფლება არის რუსული, ეს კანონი არის რუსული და დღეს თბილისში მთელი საქართველო უნდა იდგეს, რომ ეს კანონი არ მიიღონ,” – გვითხრა ოთარ რევიშვილმა.