რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბარზე.
„ევროკომისრები ბევრნი არიან, ისინი მუდმივად იცვლებიან და სისულელეებს ლაპარაკობენ“, – ამის შესახებ პუტინმა ბელარუსის ავტორიტარ ლიდერთან ალიაქსანდ ლუკაშენკასთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციაზე კითხვის პასუხად განაცხადა.
23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა. მისი განცხადებით, ეს უკავშირდება „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ მოსალოდნელ ზომებს. კობახიძის განცხადებით, მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ.
15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ რობერტ ფიცო მივიდა ხალხთან, რომელიც მთავრობის მეთაურს ესალმებოდა. პრემიერს ამ დროს ესროლეს.
იმავე დღეს, მოგვიანებით ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ უპასუხა მუქარის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას და აღნიშნა, რომ მისი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი მთლიანადაა კონტექსტიდან ამოღებული.