„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით დაანონსდა სავიზო შეზღუდვების შესაძლო დაწესება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რაც არის იმ ანტიქართული რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც 2012 წლიდან ვისმენთ და რომელიც განსაკუთრებით 2021-2022 წლებში გააქტიურდა. შანტაჟისა და მუქარის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს, არ შეესაბამება არათუ სტრატეგიული პარტნიორობის, არამედ, ზოგადად, პარტნიორულ სულისკვეთებას, რომელიც ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის უნდა იყოს ჩამოყალიბებული.
ენტონი ბლინკენის სახელით გაკეთებული განცხადება და სავიზო შეზღუდვებით შანტაჟი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეში მცდელობა, რაც განსაკუთრებით ცინიკურად წარმოგვიდგება იმ ფონზე, როცა საქართველო ორ დღეში ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
ეს არის უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, როდესაც ერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ემუქრება მეორე ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ მან გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმა. ეს მოვლენა ნაცრისფერი ასოებით ჩაიწერება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში.
აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგოდ დღემდე ვერავინ ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინა. აღარც იმაზე ვამბობთ აღარაფერს, რომ მსგავსი კანონები ბევრად უფრო მკაცრი ფორმით მოქმედებს თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, არაერთ სხვა სახელმწიფოში, რომელთა მიმართაც აშშ-ს არავითარი სანქციები არ დაუწესებია. აგრეთვე, ამგვარი კანონპროექტი აქტიურად განიხილება ევროკავშირშიც. მეტიც, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დაინიციირებული კანონი მისი საარჩევნო კამპანიის წამყვანი ხაზი იქნება, რადგან დღეს ევროპისთვის უცხოური გავლენები და ჩარევა ყველაზე დიდი გამოწვევაა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სანქციების გავრცელება ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვან შვილებზე, არის სანქციის ფორმა, რომელზეც არა მხოლოდ ევროპამ თქვა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მკაცრად უარი, არამედ 60-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირშიც კი აღარ გამოიყენებოდა. ცივილიზებულ სამყაროში ათწლეულების მანძილზე საყოველთაოდ იყო აღიარებული, რომ ე.წ. სუბიექტური შერაცხვის პრინციპის უარყოფა, ანუ სანქციის ოჯახის წევრებზე გავრცელება ფაშისტურ-ბოლშევიკური მოვლენაა. ახლა კი, სანქციის ამ ფორმას ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენელი იყენებს, რაც გამაოგნებელია.
თუმცა, მას შემდეგ, რაც შესაბამისმა ძალებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბარში ერთ-ერთი ევროკომისრის პირით სლოვაკეთის პრემიერზე ტერორისტული თავდასხმა მაგალითად მოიყვანეს და ამით, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები სიცოცხლის მოსპობით დააშანტაჟეს, სავიზო შეზღუდვის დაწესებაზე საუბარი აღარც მოულოდნელია და აღარც გასაკვირი.
იმასაც შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ანალოგიური სავიზო შეზღუდვა, ასევე ყოველგვარი დასაბუთების და ფაქტების გარეშე, ბლინკენის სახელით ქართველ მოსამართლეებს დაუწესდა, შემდეგ კი ცინიკურად განაცხადეს, რომ ფაქტების მოწოდებას არ აპირებდნენ და საკითხი ჩვენ თავად უნდა გამოგვეძიებინა. სავიზო შეზღუდვის მიუხედავად, სასამართლო სისტემა აგრძელებს გამართულად ფუნქციონირებას და ამ გადაწყვეტილებამ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა. მეტიც, მას შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ კიდევ არაერთგზის დაადასტურა, რომ ქართული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს და სამართალს ემსახურება.
იმასაც შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირის ორი კანდიდატი ქვეყნის – სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებს აქვთ აშშ-ის მხრიდან დაწესებული სანქციები, თუმცა, ორივე ქვეყანა აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ამ მხრივ არავითარი შეფერხება არ იქმნება.
დასასრულს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას. ვერავითარი შანტაჟი ვერ გვაიძულებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადავდგათ. ასეთ ვითარებაში, სანქციები მხოლოდ კონტრპროდუქტიულია და თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ პრაგმატულად და გადადგან ქმედითი ნაბიჯები ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის, რაც თანაბრად შედის როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხის ინტერესებში.