ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საჯაროდ მიმართავენ და და მუნიციპალიტეტის პირველ პირს საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ.
“მას შემდგომ, რაც საქართველოს პარლამენტმა “რუსული კანონი” დააკანონა, პროდასავლურმა პარტიებმა როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ბოიკოტის რეჟიმი გამოაცხადეს. აქედან გამომდინარე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი ოპოზიციური ფრაქციების წევრებმა, ვერ გამოვნახეთ რა სხვა კომუნიკაციის გზა მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, გადავწყვიტეთ მას საჯაროდ მივმართოთ. ბატონო ალექსანდრე, 27-28 ივნისს ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო გამოშვებებში ჩვენი მუნიციპალიტეტის აცანის ტერიტორიულ ერთეულში სოციალურად დაუცველთა სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მიერ გაჟღერდა ფაქტები, რომლებიც მოიცავს საჯარო მოხელის მხრიდან როგორც შესაძლო დანაშულის, ასევე ეთნიკურ-რელიგიური ნიშნებით მოსახლეობის დაყოფის შემაშფოთებელ ნიშნებს და ამ ყველაფერში ბენეფიციარები პირდაპირ ადანაშაულებენ თქვენს წარმომადგენელს აცანის ტერიტორიულ ერთეულში, იზა მათითაიშვილს. ვინაიდან ამ ფაქტებმა გამოიწვია დიდი საჯარო ინტერესი, არა მარტო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენივე ინფორმაციით აღნიშნულ საქმეზე მოკვლევა აქვს დაწყებული სახალხო დამცველის აპარატს. გვაინტერესებს, ხართ თუ არა საერთოდ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული და თუ ხართ, რა რეაგირება მოახდინეთ დღემდე და მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გთხოვთ საჯაროდ დააფიქსიროდ თქვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ველოდებით როგორც ჩვენ, საკრებულოს წევრები, ასევე საზოგადოება”, – საჯარო, წერილობით მიმართვას ავრცელებენ სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლანჩხუთი საქართველოსთვის“ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლის ადრესატიც მუნიციპალიტეტის პირველი პირია.
საქმე ისაა, რომ სოფელ აცანას მოსახლეობამ რწმუნებული იზა მათითაიშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა. აცანის მოსახლების მტკიცებით, მათითაშვილი მათ საკუთარი ოჯახის მიწის ნაკვეთებზე მუშაობას და სახლის დალაგებას აიძულებს. უარის თქმის შემთხვევაში კი სოციალური დახმარების მოხსნითა და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება. “სოციალურ დაუცველებს ეუბნება, რომ მოგეხსნებათ დახმარება, ხომ იცით, ხელს გიწყობთო. სასაფლაოს ვასუფთავებთ, კიდევ რწმუნებული გვიძახებს და გავდივართ. ეზოს მოხვეტა, მოფორცხვა, ჩაის კრეფა, რა ვიცი, მეტი რა გავაკეთოთ. არ წახვიდე და სამსახურზე აგესახება”, – ბრალდებებს აჟღერებს აცანის რწმუნებულის მისამართით სოფლის მოსახლეობა. მოსახლეობისვე თქმით, სოფლის რწმუნებულმა თბილისში, ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, იძულებით წაიყვანა სოციალურად დაუცველი შშმ პირი. თავად მათითაიშვილი კი, ყოველივეს უარყოფს. ამბობს, რომ მას არანაირი საკარმიდამო ნაკვეთი არ გააჩნია. იგი იმასაც უარყოფს, რომ შმმ პირი იძულებითა და შანტაჟით თბილისში აქციაზე წაიყვანა.
“გურია ნიუსი” კომენტარისთვის ალექსანდრე სარიშვილს დაუკავშირდა.
ლანჩხუთის მერი ამბობს, რომ აბსოლუტური ტყუილია თითქოს, ამ კუთხით მერიაში განცხადება იყო შემოსული 57 ადამიანის ხელმოწერით.
“გეტყვით, რომ “მთავარმა არხი” აბსოლუტური ტყუილი გაავვრცელა თითქოს 57 ადამიანის ხელმოწერით განაცხადი იყო შემოსული მერიაში. შეგიძლიათ მიმართოთ კანცელარიას, ადვილი გადასამოწმებელია. მართლაც მქონდა შეხვედრა აცანის მოსახლეობასთან, თუმცა, სრულიად სხვა კუთხით იყო საუბრები. რაც შეეხება იზა მათითაიშვილის საკითხს, პარასკევს გავრცელდა მასთან დაკავშირებით ინფორმაცია და ორშაბათს დილიდან აუდიტის სამსდახურმა დაიწყო მოკვლევა”, –გვითხრა ლანჩხუთის მერმა.