მაგდა უკვე ბარსელონაშია და ტექნიკურ საკითხებს აგვარებს, უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ გაცობით ღონისძიებებში მონაწილეობს – ის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში _ Universitat Autònoma de Barcelona (ბარსელონა, ესპანეთი) სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის, შემდეგ კი სწავლას The University of Glasgow (გლაზგო, დიდი ბრიტანეთი) გააგრძელებს. Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა – “Education Policies for Global Development” (განათლების პოლიტიკა გლობალური განვითარებისთვის), მაგდა მამალაძის ორწლიან სწავლას და ცხოვრების ხარჯებს მთლიანად Erasmus Mundus-ის პროგრამა (ევროკავშირის სახსრებით) აფინანსებს.
ვინც მაგდა მამალაძეს იცნობს, იცის, რომ ეს ძალიან დიდი გამარჯვება და წარმატება მისი ყოველდღიური შრომის და განვითარებისკენ სწრაფვის შედეგია.
მაგდა მამალაძემ წარჩინებით დაამთავრა ჩოხატაურის ნიკო მარის საჯარო სკოლა. სწავლით, ნიჭით, თავმდაბლობით გამორჩეულ ახალგაზრდას, სწავლის პერიოდში, უამრავი ადგილობრივ, საქვეყნო, საერთაშორისო პროგრამებში მოპოვებული გამარჯვება ჰქონდა, და ყველაფერი – დამსახურებულად. მაგალითად, ინგლისური ენის ოლიმპიადაში ქვეყნის მასშტაბით, საუკეთესო შედეგის ჯილდოდ, დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა საზაფხულო სკოლაში. მაგდა რამდენიმე გამოფენის პრიზიორია და მისი ფოტოები არაერთხელ გამოიფინა.
სკოლის დამთავრების შემდეგ, მაგდა მამალაძემ სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და წარჩინებული სწავლის პარალელურად, ბევრ საინტერესო და საჭირო აქტივობებში იყო ჩართული. Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, მაგდამ დაძაბულ კონკურსში გაიმარჯვა და სახელგანთქმულ ლიმერიკის (ირლანდია, დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტში, პროგრამის სტიპენდიით გააგრძელა სწავლა.
უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ, მაგდამ საგანმანათლებლო სფეროში გააგრძელა მუშაობა და ამ სფეროშიც ღირსეულად წარადგენდა საქართველოს ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებზე, შეხვედრებზე. ახლა კი, მაგდა მამალაძე მაგისტრის ხარისხს ევროპის ორ, წამყვან უნივერსიტეტში დაიცავს ევროკავშირის სრული დაფინანსებით, თანაც ქვეყისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი _ განათლების პოლიტიკის მიმართულებით.
“გურია ნიუსის“ კითხვაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი ქართველმა ახალგაზრდებმა ევროპული განათლება მიიღონ, მაგდა მამალაძე გვპასუხობს:
„ჩემთვის ევროკავშირთან დაახლოება, პირველ რიგში, ხარისხიანი განათლების მიღების, პიროვნული და კარიერული განვითარების შესაძლებლობაა. ბავშვობიდან ვიღებდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობას. ეს იყო მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტები საქართველოში და ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ. ლიმერიკის უნივერსიტეტში სწავლისას, ჩემი თვალით ვნახე, თუ რას ნიშნავდა ევროპული განათლება. ევროპული განათლება გაძლევს საშუალებას შენი თავი მაქსიმალურად გამოავლინო: აქ არის სტუდენტური სივრცეები, ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკები, გარემო, სტუდენტური სერვისები… ყველა ახალგაზრდას და არა მარტო ახალგაზრდას, მთელი ცხოვრების მანძილზე აძლევს შესაძლებლობას გამოავლინოს მაქსიმალურად და იცხოვრონ ღირსეულად. რომ არა ევროკავშირის მიერ დაფინანსება, მე ვერ ვისწვალიდი ევროპაში და ახლა სწავლას ვერ გავაგრძელებდი ევროპის ორ საუკეთესო უნივერსიტეტში. ეს პროექტი სრულად დააფინანსებს ჩემს ცხოვრების და სწავლის ხარჯებს, გავივლი სტაჟირებას ევროპის წამყვან ორგანიზაციებში, მათ შორის, არასამთავრობო, სამთავრობო ორგანიზაციებში. ეს კიდევ უფრო მარტივს გახდის ჩემს დასაქმებას. სწორედ ამაში უწყობს ევროკავშირი ხელს ადამიანს _ ის უნარები შეიძინოს, რაც შემდეგ დასაქმებაში დაეხმარება და წარმატებული იქნება მის სფეროში.
ირლანდიაში რომ ვსწავლობდი, თანაკურსელები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, ერთმანეთისგან განსხვავებულები იყვნენ, თავიანთი კულტურით და ისტორიით ამაყობდნენ. ევროკავშირში გაერთიანება არ უქმნის ეროვნულ ფასეულობებს საფრთხეს, ევროკავშირში ზუსტად არის მრავალფეროვნება და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა. ჩემთვის ევროკავშირი და ევროპის ქალაქებში სწავლა და მუშაობა იმის მაგალითია, რომ ყველა პატივს ცემს ერთმანეთს, სხვის ტრადიციას და ღირებულებას. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ევროპულ ოჯახში უფრო ამაყები და ძლიერები ვიყოთ ჩვენი ისტორიით და თვითმყოფადობით“, _ ამბობს მაგდა.
“გურია ნიუსი“ ულოცავს მაგდა მამალაძეს დიდ წარმატებას ჩოხატაურის, გურიის, საქართველოს სასახელოდ!