„ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის, მითხარით ხელისუფლებავ!!!“-დაწერა სოციალურ ქსელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, შინდისში დაღუპული ლანჩხუთელი მებრძოლის, ემზარ წილოსანის მეუღლემ თეონა წილოსანმა გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განაცხადების შემდეგ.
„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“, -თქვა ივანიშვილმა გორში გამოსვლისას.
ივანიშვილის მხრიდან გაკეთებულ ამ განცხადებას მოჰყვა სწორედ გმირულად დაღუპული მებრძოლის მეუღლის მწარე შეფასებები.
„ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა? რა ვუთხრა მის სულს? რითი იამაყონ ჩვენმა შვილებმა? რომ ჩამოდგებით ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები და პოზირებთ ემზარ წილოსანის საფლავთან ვინ იყო ემზარი? შეგიძლიათ მიპასუხოთ?
ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის, მითხარით ხელისუფლებავ!!!
ან გორელებო, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით ვინ დაიწყო ომი? რატომ გაუტარეთ ასეთი მოღალატეობრივი მიმართვა ივანიშვილს? თან დაგვცინა, სპეციალურად გორისთვის შემონახული მიმართვააო…
ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა?
აგვიხსენით!”-წერს ემზარ წილოსანის მეუღლე.