გამომცემლობა “ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი გვანცა ჯობავა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტია.
ახალ პოზიციაზე საქმიანობას ოფიციალურად 2025 წლის 1 იანვრიდან შეუდგება.
გამომცემლობის ინფორმაციით, გვანცა ჯობავა მსოფლიო ასოციაციის 128-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველი ქართველი, მეოთხე ქალი და ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია. გვანცა ჯობავა 2023 წლიდან მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა, იქამდე კი, წლების განმავლობაში საქმიანობდა როგორც აღმასრულებელ ბორდში, ისე გამოცემის თავისუფლების, წიგნიერებისა და საგანმანათლებლო გამოცემების კომიტეტებში. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია იტალიელმა გამომცემელმა ჯოვანი ჰოეპლიმ დაიკავა.
გენერალურ ასამბლეაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გამომცემლები, სფეროს ექსპერტები მსოფლიოს 81 ქვეყნის 101 ორგანიზაციიდან, გვანცა ჯობავამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სადაც ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო (გთავაზობთ ფრაგმენტს):
„ჩემი უძველესი ქვეყნის ისტორია სავსეა ომიანობით, თუმცა მე-12 საუკუნე იყო გამონაკლისი – „ოქროს ხანა“. სწორედ მაშინ მართავდა საქართველოს ქალი, თამარი, რომელიც იწოდებოდა მეფედ და არა დედოფლად. თამარ მეფე ჩვენში ცნობილია იმითაც, რომ სწორედ მან გააუქმა სიკვდილით დასჯა. ჩემთვის თამარ მეფე სიმბოლოა ქალი ლიდერის და სწორედ ამიტომ ჩემთვის ამ მნიშვნელოვან დღეს მინდა ვისურვო, რომ ვიხილო მეტი ქალი პროფესიონალი როგორც ჩვენი ასოციაციის აღმასრულებელ თუ სხვა კომიტეტებში, ისე სხვადასხვა ქვეყნის საგამომცემლო ინდუსტრიების მმართველ პოზიციებზე. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ საზოგადოებას გენდერული თანასწორობის მაგალითი მივცეთ.
ახლახან ჩემი ქვეყნის ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, მიიღო კანონი ელგებეტექიუ პროპაგანდის წინააღმდეგ და ამით გარკვეულწილად ცენზურაც დააკანონა. სამიოდე წლის წინ რომ გეკითხათ, ვერავინ დამაჯერებდა, რომ ასეთი კანონი შეიძლება ჩემს ქვეყანაშიც მეხილა, თუმცა ავტოკრატიული რეჟიმების გაძლიერება ერთბაშად არ ხდება, ის გარკვეულ ეტაპებს გადის. სწორედ ამიტომ თავდაპირველად რთულია შეიცნო ავტოკრატიის პირველი ნიშნები. ქართულმა საგამომცემლო-ლიტერატურულმა სექტორმა აირჩია საერთო მიზნისთვის გაერთიანებისა და დაუმორჩილებლობის, ბოიკოტისა და ბრძოლის გზა. მინდა სხვებსაც, ვისთვისაც უცხო არაა მსგავსი სირთულეები, მოგიწოდოთ გაერთიანდეთ და შეებრძოლოთ ყველაფერს, რაც თქვენს პროფესიულ თავისუფლებასა და კეთილსინდისიერებას ზღუდავს. ბოლო წლების პოლიტიკურმა გამოწვევებმა მთელ მსოფლიოში, ომებმა, ავტოკრატიული რეჟიმების გაძლიერებამ დაგვანახა რამდენად ძლიერია ის იარაღი – წიგნი, რომელსაც ჩვენ ვფლობთ და რამხელა ზეგავლენის მოხდენა შეგვიძლია ცივილიზებული სამყაროს განვითარებაზე. დაგვანახა, რაოდენ დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. განათლების გავრცელებითა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციით, შეგვიძლია გავაღვივოთ სიყვარული, გავაჩინოთ ემპათია, გავაძლიეროთ დემოკრატიული ღირებულებები, ვებრძოლოთ პროპაგანსა და დეზინფორმაციას.“