სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კურორტ ბახმაროს ცენტრში ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონი _ კარუსელი აიღეს.
ჩვენი წყაროს თქმით, აღებული კარუსელის ახლოს სატელეფონო გადამცემი ანძის დადგმა იგეგმება _ კარუსელის ღერძი ამოთხრილია და სამი საკმაოდ ღრმა ორმო უკვე ამოღებულია.
„გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ ისეთივე კარუსელს გააკეთებდნენ (გავაკეთებდით), როგორიც ჩვენს ბავშვობაში იყო და არა ანძას.
P.S მაინც ვფიქრობ, რომ აღვადგენთ…“ _ წერს ფეისბუქზე ქრისტინე გურიელიძე.
ჩვენ დღეს, დილით, დავუკავშირდით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს კურორტ ბახმაროში მალხაზ გიორგაძეს და ვაპირებდით, გვეკითხა, რისი გაკეთება იგეგმება კურორტის ცენტრში: „შემეშვი ახლა… კომენტარს არ ვაკეთებ!“ _ კითხვის დასმამდე მოგვახალა მან და ტელეფონი გაგვითიშა.
“ადგილის მოძიება მიმდინარეობს ახლა და იმ ადგილას ანძა არ დაიდგმება სადაც საბავშვო საქანელა და ეკლესია არის“, _ ასე გვიპასუხეს კომპანია „მაგთის“ პრესსამსახურში.
რაც შეეხება ჩოხატაურის მერიას, მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს მალე მოგვგაწვდიან.
ავტორი