იტალიაში ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მამაკაცებში ინფარქტის შედეგად გარდაცვალების სტატისტიკა შეისწავლეს. მეცნიერების ყურადღება სქესობრივი აქტის დროს გარდაცვალების შემთხვევებზე გამახვილდა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სასიკვდილო ინფარქტები ცოლთან სექსის დროს იშვიათად ხდება. გაცილებით ხშირია ფაქტები, როდესაც მამაკაცი საყვარელთან ინტიმური კავშირის დროს იღუპება.
მეცნიერთა დასკვნები ორიგინალურობით არ გამოირჩევა; მათი თქმით, ღალატის დროს სიკვდილის მიზეზი ქრონიკული სტრესია, რომელიც მამაკაცს სინდისის ქენჯნის შედეგად და სიცრუეში ცხოვრების სიმძიმით უჩნდება. ამასთან, აკრძალული კავშირის გაცნობიერება არტერიულ წნევას ზრდის. არც ისაა საიდუმლო, რომ მოღალატე მამაკაცები საყვარელთან შეხვედრების დროს ხშირად მოიხმარენ ალკოჰოლს და სხვა სტიმულატორებს, რაც კიდევ უფრო ზრდის ინფარქტის რისკს.
იტალიელი მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ როგორც წესი, მამაკაცები ახალგაზრდა საყვარლებს ანიჭებენ უპირატესობას. ეს უკანასკნელნი კი, სასიყვარულო ურთიერთობებში მეტ ძალისხმევას და ენერგიას საჭიროებენ, რასაც შედარებით ასაკოვანი მამაკაცის გული ვერ უძლებს.