რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, სამწლიანი დაპაუზების შემდეგ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წელს აღადგინა. პროგრამა მიმართულია ადგილობრივი ინფრასტრუქტურის (შიდა სოფლის გზების, გარე განათების, სკვერების და სხვ.) გაუმჯობესება–მოწყობაზე. პროგრამის გახორციელებისთვის საჭირო თანხის გაანგარიშებას ახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თუმცა, შესაძლებელია დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სახსრებით.
2019 წლიდან მოყოლებული, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” გასახორციელებლად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 748 ათასი ლარი ერგება და რადგან, იდეაში, პროგრამა მოქალაქეთა თანამონაწილეობის მექანიზმებს მოიაზრებს, სოფლის საერთო კრებაზე, კენჭისყრით უნდა გადაწყდეს თუ რისი გაკეთებაა სოფელში პრიორიტეტი.
კანონმდებლობის გათვალისწინებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 54-ვე სოფელში საერთო კრება ან კონსულტაცია, წინასწარ შედგენილი გრაფიკით, წინა წლების დარად, წელსაც ჩატარდა და როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში გავარკვიეთ, რიგ სოფლებში პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე დასრულებულია, ზოგან კი, დასკვნით ეტაპზეა.
“მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს სამუშაოები, სადაც ბეტონის გზის მოწყობა იყო გათვალისწინებული“, _ გვითხრა ლანჩხუთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ალეკო კირვალიძემ.
მისი ინფორმაციით, სოფლის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად დასრულებულია: ლესის, შუხუთის, გვიმბალაურის, ნინოშვილის, ჯურუყვეთის, აცანის, ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მაგალითისთვის, სოფელი გვიმბალაურში, კრების გადაწყვეტილებით, რომელსაც 50 ამომრჩეველი ესწრებოდა სასაფლაოების შეღობვა და კეთილმოწყობა, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მოხდა. ეს აქტივობები კუთვნილი 16 ათასი ლარით დაფინანსდა. სოფელ ლესაში კი, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ინვენტარის შეძენა, გარე განათების მოწყობა ჩაითვალა პრიორიტეტად. სოფელ ჭინათში გამოყოფილი 12 000 ლარით სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. აცანაში კი, სოფლის პროგრამის დაფინანსებით სოფლის ცენტრში გარე განათება გაკეთდა და სკვერიც კეთილმოეწყო.
ირკვევა, რომ პრიორიტეტების შერჩევის კუთხით, უკმაყოფილება იყო მოსახლეობაში. მათი შეფასებით, ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაცაა, ის უნდა გაკეთდეს.
ასე მაგალითად, აკეთის თემში, სოფელი ჭანჭათში, რომლისთვისაც პროგრამიდან თანხა 16 000 ლარი გამოიყო, კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სოფლის ცენტრის და გარე განათების მოწყობისთვის მიიმართა ზემოთ ნახსენები თანხა.
“რით ვერ დამთავრდა ეს განათება?! რომელი უბანი იყო დარჩენილი განათების გარეშე?!!” _ ასეთი იყო აქაური მოსახლეობის ნაწილის პოზიცია.
მაშინ, ზოგმა, პროტესტის ნიშნად დატოვა კიდეც შეკრება: “სულ მცირე, ხუთი წლის მანძილზე სოფლის პროგრამით გამოყოფილ თანხას ჭანჭათლები განათებაში “აბანდებენ“. ეს კი მინიმუმ 75 000 ლარია. ხომ შეიძლება ცოტა გონივრულად გამოვიყენოთ ეს თანხა? ან რით ვერ გავნათდით ან რით ვერ გავნათლდით?!! ფანტაზიაც აღარ არის?” _ ამბობდა მაშინ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ილია ვადაჭკორია.
აქვე მოსახლეობა იმასაც ამბობს, რომ თანხები, რომელიც პროგრამის დასაფინანსებლადაა გამოყოფილი, საკმაოდ მიზერულია.
სოფო მახარაძე: “ნეტა, რა შეიძლება გაკეთდეს ამ სასაცილო თანხით, ან რით ვერ დამთავრდა ეს განათებები, ან რაა გასანათებელი?!! გზა გაკეთდეს მთავარია; წყალს ვერ ვეღირსეთ ჯერ“.
“ამხელა ინფლაციის და ყველაფრის გაძვირების ფონზე რატომ არ იცვლება ფორმულა, რომლითაც ანგარიშდება სოფლის პროგრამები?!” _ ეს კითხვა ლანჩხუთის საკრებულოში ოპოზიციონერ დეპუტატებსაც აწუხებთ.
მათივე თქმით, სოფლის კრებების შემდგომ, მოსახლეობის უკმაყოფილება, ბევრ ადგილზე შეინიშნება:
” სამწუხაროდ, ამის მიზეზი უშუალოდ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამაა“, რომელმაც ბევრის აზრით, დაკარგა ის ეფექტი, რაც ადრე ჰქონდა. იმდენად მიზერულია ამ პროგრამით სოფლებისთვის გამოყოფილი თანხები, კრებაზე შეკრებილი მოსახლეობის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს და ხშირია ფაქტები, როცა ხალხი იმედგაცრუებული რჩება, რამეთუ საერთო პრიორიტეტებს ვერ აგნებენ“.
მაგალითად, სოფელ ნიგოითში კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პრიორიტეტად სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობა ჩაითვალა. თუმცა, “გურია ნიუსთან” საუბარში განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს აქაური მოსახლეობის გარკვეული ნაწილი.
“სამწუხაროდ, ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი. წინასწარ იციან რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და ვინ უნდა მიიპატიჟონ კრებაზე, რომ მხარდაჭერა მიიღონ. პრიორიტეტი რეალურად სხვაა ჩვენს სოფელში, ვიდრე ამ სკვერის მოწყობა. თან, იმდენად უთავოდ მუშაობენ, რომ ერთიდაიგივე საქმის გაკეთება ორჯერ მოუწიათ. შემოღობეს და მერე გაახსენდათ, რომ… ღობეს ფუნდამენტი ჭირდება!…
სამწუხაროდ, ყოველი შეკრება ცირკს ჰგავს, კარგად დადგმულ ცირკს“, _ ამბობენ “გურია ნიუსთან” საუბარში ნიგოითის მცხოვრებლები.
ავტორი