სასწრაფოს ექიმებმა ქუჩაში უგონოდ მყოფ ადამიანს გული აუმუშავეს. შემთხვევა თბილისში მოხდა. ინფორმაციას გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.
“გამოძახების ადგილი – ქუჩა, გამოძახების მოტივი -უგონო!
თბილისის მე-4 რაიონული სამსახურის 0431 ბრიგადამ გამოძახება მიიღო. ლოზუნგი-უგონო.
თბილისის ერთ-ერთ უბანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას შუახნის მამაკაცმა გონება დაკარგა.
გამოძახების ადგილზე მისულ ბრიგადას საკმაოდ მძიმე სურათი დახვდა. ხალხმრავალ ადგილას, დიდ დარბაზში იატაკზე მწოლიარე უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი. როგორც ბრიგადის ექიმი თეონა ჯიჯიაშვილი იხსენებს, მამაკაცი არ სუნთქავდა, ხოლო მონიტორზე დაფიქსირდა გულის გაჩერება.
ბრიგადის ექიმების მიერ ჩატარებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად აღდგა სასიცოცხლო პარამეტრები. მონიტორზე დაფიქსირდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.
სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით გადაყვანილ იქნა თბილისის ერთ-ერთ სტაციონარში.
ექიმ თეონა ჯიჯიაშვილის ინფორმაციით, მოგვიანებით ექიმებმა მოიკითხეს პაციენტის მდგომარეობა და აღმოჩნდა, რომ მამაკაცს ჩაუტარდა კორონარული სტენტირება და მისი გამოჯანმრთელების პროცესი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.