როგორც BBC-ი წერს, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა ქვეყანაში ჩატარებული ბოლო არჩევნების შედეგები გაყალბებულად ცნო. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბლოკი “შანტაჟში” დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი მთავრობა გაწევრიანების პროცესს “2028 წლის ბოლომდე” შეაჩერებს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე საათის შემდეგ განაცხადა, როდესაც ევროპელმა კანონმდებლებმა, “მნიშვნელოვანი დარღვევების” მოტივით, საქართველოში გასული თვის საპარლამენტო არჩევნების ხელახალი ჩატარება მოითხოვეს. კობახიძის განცხადებას საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში, ათასობით ადამიანი შეიკრიბა დედაქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, გადაიკეტა სატრანსპორტო მოძრაობა და ქუჩებში ევროკავშირის დროშები აფრიალდა.
„2012 წლიდან, საქართველოს პარტია „ქართული ოცნება“ მართავს, რომელსაც კრიტიკოსები ქვეყნის ევროკავშირისგან დაშორებისა და რუსეთთან დაახლოების მცდელობაში ადანაშაულებენ. მმართველმა პარტიამ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ოპოზიციური დეპუტატები ბოიკოტს უცხადებენ ახალ პარლამენტს არჩევნების შედეგების გაყალბების ბრალდებით, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩატარებული არჩევნები “არაკონსტიტუციურად” შეაფასა.
28 ნოემბერს, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც არჩევნებს აღწერს, როგორც საქართველოში “დემოკრატიული კრიზისის გამწვავების” უახლეს ეტაპს. რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, კობახიძემ განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ „გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანოს“. მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს 2030 წელს გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებას, თუმცა დასძინა, რომ „მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა პატივი სცეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციულ ღირებულებებს“,“ – წერს BBC-ი.
ავტორი