დღეს, დილით თბილისში, მშვიდობიან აქციაზე, ეგრეთ წოდებულმა „სამართალდამცავებმა“ 20-მდე ჟურნალისტი და ოპერატორი სასტიკად სცემეს.
ამ ფაქტს მთელი დღის განმავლობაში ბევრი გამოხმაურება მოყვა.
საღამოს 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა. რამდენიმე წუთის შემდეგ აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს.
პარლამენტის შენობის გვერდზე პოლიციასა და აქციის ორგანიზატორების შორის სიტყვიერი დაძაბული საუბარი შედგა. ჟურნალისტებს თან ჰქონდათ დაშავებული ჟურნალისტების ფოტოები, რომლის უმრავლესობას სამედიცინო დახმარებას უწევდნენ.
„გურია ნიუს“ „პუბლიკას“ დამფუძნებელს, ჟურნალისტს ლიკა ზაკაშვილს ესაუბრა:
„ჩვენ კოლეგებს ნიღბიანები გაუსწორდნენ სასტიკად. პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს გურამ როგავას ჩაულეწეს სახის ძვლები, დაზიანებული აქვს ხერხემალი.
ჟურნალისტობა ჩვენს ქვეყანაში არის წარმოუდგენელად საშიში საქმიანობა. ვართ პირდაპირი სამიზნეები, ყველგან ხვდებიან და უსწორდებიან ჟურნალისტებს.
ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. გამოძიების იმედი არ მაქვს _ დაიწყებენ და შემდეგ სამუდამოდ დებენ თაროზე. არც ხელისუფლების იმედი არ მაქვს.
ხალხი უნდა გამოფხიზლდეს, ჩვენმა კოლეგებმა კი ყველა მედიასაშუალებიდან ყოველგვარი ორაზრავნოვნების გარეშე უნდა დაგმონ ხელისუფლების ძალადობა ჟურნალისტებზე“, _ გვითხრა ლიკა ზაკაშვილმა.
ავტორი