რამდენს დაგვიჭერენ? ამ ქვეყანას რუსებს არ დავუთმობთ. ისინი არიან „ნაცების“, მხედრიონელების და რუსების ნაზავი, – ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა.
კალატოზიშვილის თქმით, მოსამართლეებს ყველანაირი ფუნქცია აქვს დაკარგული.
„სასამართლო არ არსებობს, მოსამართლეს ყველანაირი ფუნქცია აქვს დაკარგული. მათ არ სცემენ პატივს და აკეთებინებენ ყველაფერს. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, ისინი საკუთარ თავს არ სცემენ პატივს, არც თავის სამსახურს. არც პოლიციელი, რომელიც „ტიტუშკას“ იცავს და არა მოქალაქეს, ეს არის სამარცხვინო. არა უშავს, მაინც მედგრად ვართ, ბრძოლის უნარიანები ვართ. რამდენს დაგვიჭერენ? ამ ქვეყანას რუსებს არ დავუთმობთ. ისინი არიან „ნაცების“ მხედრიონელების და რუსების ნაზავი. ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ, არანაირი განსხვავებული აზრი აქ არ არსებობს. ეს არის არჩევანი ბოროტებასა და ადამიანებს შორის, რომლებიც ვიცავთ ამ ქვეყანას“,- განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.
ინფორმაციისათვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.