“ბალტიისპირეთის წარმომადგენლები, პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენ გვეგონა, იქნებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად გაუგებდნენ ქართველ ხალხს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაზე მეტად ერჩიან ქართველ ხალხს – მინავლებულია აქციები, ამიტომაც ჩამოვიდა გუშინ ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე, საქართველოს სახელმწიფოზე გადამტერებული ადამიანი იმისთვის, რომ ეს მინავლებული აქციები რამენაირად გამოეცოცხლებინათ”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოში ევროპარლამენტართა დელეგაციის ვიზიტსა და მათ გუშინდელ აქციაზე მისვლას _ იუწყება ipn.ge.
მისი შეფასებით, გორბაჩოვის თანამოაზრე, პერესტროიკის დროინდელი პოლიტიკოსი, რუსული აქცენტით დემოკრატიაზე საუბრობს და ქართველ ხალხს ჭკუას ასწავლის.
„არ ვიცი რა დავუშავეთ თავის დროზე ამ ადამიანებს, რატომ არიან ასე გადაკიდებული ჩვენს ქვეყანაზე, რატომ უნდათ ქვეყნის დაზიანება, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ერთ-ერთი რუსთაველის გამზირზე ვიხილეთ, გორბაჩოვის თანამოაზრე, „პერესტროიკის“ დროინდელი პოლიტიკოსი, რუსული აქცენტით დემოკრატიაზე გველაპარაკება და ქართველ ხალხს ჭკუას ასწავლის, ადამიანი, რომელიც გახლავთ მიხეილ სააკაშვილის მფარველი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნას ცდილობ და გასაგებია, რატომ უნდა მისი ციხიდან დახსნა. მიხეილ სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც მათი ინსტრუქციებით მოქმედებდა და მათივე ინსტრუქციებით დამართა ქვეყანას, რაც დამართა და, რა თქმა უნდა, მის მიმართ აქვთ ვალდებულება, რომ დაიხსნან, იმ სამართლიანი სასჯელისგან, რომელსაც ის იხდის.
ქალბატონი რასა არის ადამიანი, რომელმაც, სულ ახლახან არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ ის პრობლემები, რასაც ახლა ზოგიერთი ევროპელი საქართველოს უქმნის, ქართველი ხალხის ბრალია, იმ ხალხის ბრალი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. ამიტომ ამ ადამიანის თვალში „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი საერთოდ ამ ქვეყნიდან გასასახლებელია. ასეთი ადამიანი რომ ცდილობს ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევას, გასაგებია, რომ მას არანაირი კეთილი ზრახვები არ აქვს.
ეს სამარცხვინო სანახაობა, რასაც რუსთაველის გამზირზე ვხედავთ, რომელიც ოპოზიციამ ქართველი ერის დაკნინების რიტუალად აქცია, როდესაც უცხოელი არამკითხე მოამბეების გაკერპების მცდელობა მიდის. ამას არანაირი კავშირი სუვერენიტეტთან და ქართველობის შეგრძნებასთან საერთო არ აქვს.
მინავლებულია აქციები, ამიტომაც ჩამოვიდა გუშინ ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე, საქართველოს სახელმწიფოზე გადამტერებული ადამიანი, იმისათვის, რომ ეს მინავლებული აქციები, რამენაირად გამოეცოცხლებინა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.