მსახიობი კახა კინწურაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ “ადამიანებმა, რომლებიც სახელმწიფოს წარმომადგენლობას იჩემებენ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, იმის მაგივრად, რომ ეღიარებინათ საკუთარი ტყუილი, ბოდიში მოეხადათ და დიალოგი დაეწყოთ, ხალხთან ძალადობის და “დუბინკების” ენით საუბარი არჩიეს.
ამის მიზეზად კი კინწურაშვილი მიიჩნევს, რომ “მათ იმედი ჰქონდათ, რომ შიშით საზოგადოების ხმას ჩაახშობდნენ”.
“ამ დღეებში ჩვენ ვიხილეთ გავეშებული ბოროტება, რომელიც “ოცნების” მხრიდან იქნა კანონით დაშვებული. ჩვენ ვნახეთ კადრები, როგორ გაუსწორდნენ ზვიად რატიანს, კიდევ 8 დღე ამყოფეს იზოლატორში და გამოუშვეს ნეკნებდამტვრეული და კიდევ გალახეს. გიორგი ბახუტაშვილი, მსახიობი რომელიც უბრალოდ ადამიანის გადარჩენას ცდილობდა, დაიჭირეს და 48 საათი ჰყავდათ იზოლატორში, სირბილაშვილი ირაკლი – რომლის დაკავების კადრებიც არსებობს და არაფერს არ აკეთებს არც დაკავებამდე და არც მერე, მაგრამ დაკავების შემდეგ ირაკლი სირბილაშვილს ყვრიმალი აქვს გატეხილი. ჩვენ ვნახეთ ბალერინა ბუნტურის გატეხილი ცხვირი და კიდევ უამრავი ადამიანის, რომელთა სახელ-გვარებიც შეიძლება აქამდე არ ვიცოდით, მაგრამ გავიგეთ. სახალხო დამცველიც კი აღიარებს, რომ 150-ზე მეტი ადამიანია ნაწამები. საუბარია რამდენიმე დაშავებულ პოლიციელზე.. თუ ეს სიმართლეა, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება არ წუხდე დაშავებულ ადამიანზე, მაგრამ რეალურად ჩვენ არ ვიცით ვინ გვარბევდა, რადგან ისინი კანონგარეშე მოქმედებდნენ, მათ არც საიდენთიფიკაციო ნომერი ჰქონდათ, რომ ამოვიცნოთ. ამას გარდა, გაზაფხულის აქციებიდან მოყოლებული, 1 სამართალდამცველიც კი არ არის მხილებული ძალის გადამეტებაში არათუ პასუხისგებაში მიცემული”,_ ამბობს კახა კინწურაშვილი და აღნიშნავს, რომ “მათ იმედი ჰქონდათ, შიშით შეძლებდნენ ადამიანების გაჩუმებას, საზოგადოების ხმის ჩახშობას, რადგან შიში ყველაზე დიდი იარაღია და ადამიანი შიშს გაურბის”,_ ამბობს კახა კინწურაშვილი.
ინფორმაციისთვის, 28 ნოემბრიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები ტარდება. მოქალაქეები, რომლებიც სამართლიან არჩევნებს ითხოვდნენ, ირაკლი კობახიძის განცხადებამ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ, ქუჩაში თავიდან გამოიყვანა. მას შემდეგ პროტესტი არ წყდება და ამ პროტესტს დაწყებიდან მალევე შეემატა ისეთი დევიზები, როგორიცააა “ძირს ძალადობა, ” ყველგან პოლიცია, არსად სამართალი”. ამის მიზეზი კი პარლამენტის წინ პროტესტის დარბევა გახდა, ხან სპეცდანიშნულების რაზმის, ხანაც კი გაურკვეველი ნიღბიანი პირების მხრიდან. დაკავებული და დაშავებულია არაერთი მოქალაქე.
ავტორი