ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები: ,,ლანჩხუთი საქართველოსთვის” და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უარს აცხადებენ მონაწილეობა მიიღონ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში.
მათ ამის თაობაზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ,,პირველ რიგში გვინდა სოლიდარობა და თანადგომა გამოვუცხადოთ ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებს, რომლებიც რეჟიმმა დაასახიჩრა და დააპატიმრა! ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, მიტაცებული არჩევნების შემდეგ ეგრეთწოდებული პრემიერის მიერ გაჟღერებულმა ინფორმაციამ ქვეყნის პროდასავლური კურსის ცვლილების თაობაზე, საქართველოს დედაქალაქში და არა მარტო გამოიწვია უსასრულო წინააღმდეგობა და დაუმორჩილებლობა, რასაც მოყვა ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების, რომლებიც საქართველოში უმრავლესობას წარმოადგენს, კონსოლიდაცია. 26- ე დღეა ქვეყანა არის პარალიზებული, ბოლო სიტყვა იყო ეუთო ოდირის დასკვნა, სადაც აშკარადაა გამოხატული ყველა ის დარღვევა, რომელიც უდაოს ხდის არჩევნების შედეგის არალეგიტიმურობას. შესაბამისად არალეგიტიმურია პარლამენტიც და მთავრობაც.
არჩევნები არ უღიარებია არცერთ დასავლურ ქვეყანას. ყველა პროდასავლურად მოაზროვნე ადამიანი ერთხმად ითხოვს ახალ არჩევნებს, როგორც კრიზისიდან გამოსასვლელ ერთადერთ ლეგიტიმურ გზას. სოლიდარულია მთელი ცივილიზებული სამყარო.
სანქციები არ წყდება ქვეყნის პროდასავლური გზის ძირის გამომთხრელი ჩინოვნიკების მიმართ, იმ პირების მიმართ ვინც მიზანმიმართულად ასახიჩრებს ჩვენს მომავალ თაობას, სხვადასხვა სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლებს. გამომდინარე ამ ყველაფრიდან, ჩვენ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პროდასავლური ოპოზიციური ფრაქციები, არ ვცნობთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და შესაბამისად არ ვაპირებთ განვიხილოთ ბიუჯეტის პროექტი, რომლის ძირითადი წყარო ეგრეთწოდებული მთავრობის მიერ არის განსაზღვრული. ამიტომ გვინდა ცნობად მიიღოთ, რომ ჩვენი ბოიკოტის რეჟიმი ამ პირობებში გაგრძელდება”,- ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.