თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღეს საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგნენ.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა თავად ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. ბაჩიაშვილის თქმით, მან ივანიშვილის გარემოცვის მეშვეობით, ოლიგარქისგან წერილი მიიღო, რომელშიც ივანიშვილი მუქარას უთვლიდა. ბაჩიაშვილი ამ წერილის გასაჯაროებას გეგმავს.
“ამ წერილში პირდაპირ ეწერა, რომ სასამართლო დამთავრდებოდა ჩემი პასუხისმგებლობაში მიცემით, დაახლოებით ერთი წლის ვადაში. მე მთავაზობდნენ რომ გადამეხადა 5000 ბიტკოინი ჩემი თავისუფლებისთვის. თუ ამას არ გადავიხდიდი ეს თანხა ყოველთვიურად 500 ბიტკოინით გაიზრდებოდა. ამას ჰქვია კრიმინალური “სჩოტჩიკი”. ეს წერილი არის მიღებული მას შემდეგ რაც გამოძიება დაიწყო.
ჩემს წინააღმდეგ გამოძიება იმიტომ დაიწყო, რომ მე უარი ვთქვი ივანიშვილს წავყოლოდი იმ სიგიჟეში და ანტიქართულ საქმეში, რასაც დღეს ჩადის. იმ დროს გადაწყვიტა ივანიშვილმა ჩემზე შურისძიება და თანხის გამოძალვა. შესაბამისად ივანიშვილი იყენებს თავის აბსოლუტურ პოლიტიკურ ძალაუფლებას იმისათვის, რომ მე ადამიანი, რომელიც ვდგავარ ჩვენი დასავლური ღირებულებების სადარაჯოზე, გამაჩუმოს, შური იძიოს და გამომძალოს თანხა.” – აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი “მთავარ არხთან”.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.