პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.
“კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის აკაკი ალადაშვილის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე კომპენსაციის მიმღები კონკრეტული პირებისთვის დანიშნული კომპენსაციის ოდენობები მნიშვნელოვნად აღემატება კანონით დადგენილ ზედა ზღვარს, რაც „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, 1035 ლარს შეადგენს, ასევე, კანონმდებლობით საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთათვის დადგენილი კომპენსაციის ოდენობას, რაც 1200 ლარს შეადგენს.
„სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებად მიიჩნევს კომპენსაციის გადაანგარიშებას არა სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან, არამედ კომპენსაციის გაზრდილი ოდენობით ანაზღაურებას გასულ პერიოდზეც, თითოეული პირის მიერ მისი მიღების საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან”, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისი თქმით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებები, გარდა იმისა, რომ იწვევს მნიშვნელოვანი მოცულობის სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას, არათანაბარ პირობებში აყენებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით მოსარგებლე პირთა წრეს და აზრს უკარგავს მე-7 მუხლის ნორმატიულ შინაარსს.
მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ მითითება გათვალისწინებულ იქნება შესაბამისი კატეგორიის პირებისთვის კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება კანონის ცალკეული ნორმების სრული ურთიერთშესაბამისობა.































































