დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურით დაიწყო.
გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაშია განთავსებული.
რეგისტრაციის დაწყებამდე აქ თავი მოიყარეს აბიტურიენტებმა გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან.
“გურია ნიუსი” აბიტურიენტებსა და მათ საგულშემატკივროდ მოსულ ადამიანებს გაესაუბრა.
მათი უმეტესობა ამბობს, რომ ღელავს, თუმცა, ღელვა გულშემატკივრებს უფრო ეტყობათ.
“დაგვეწყო საგამოცდო ციებ-ცხელება. თუმცა უქმად არ ვმსხდარვართ. დიდი შრომა, დრო და ენერგია ჩავდეთ. მიუხედავად ამისა, მაინც ვნერვიულობთ”, _ გვითხრეს გოგონებმა, რომლებიც ერთმანეთის გამხნევებით შევიდნენ საგამოცდო ცენტრში.
აბიტურიენტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ თავს საკმაოდ მშვიდად და ენერგიულად გრძნობენ.
“საერთოდ არ ვღელავ, მშვიდად ვარ. მთელი წელი ამ დღისთვის ვემზადებოდი და ფსიქოლოგიურად მხნედ ვგრძნობ თავს”, _ გვითხრა ბებოსთან ერთად მოსულმა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.
“გურია ნიუსი” წარმატებას უსურვებს თითოეულ მათგანს.































































