ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში კოსმოდრომ „კოლხიდას” გამშვები პუნქტის მშენებლობის თემას, რომლის შესახებაც ინფორმაცია „აი ფაქტის“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ გაასაჯაროვა, ლანჩხუთის მუნიციპიტეტის მერია განცხადებით ეხმაურება. ადგილობრივი სამთავრობო უწყება,გავრცელებულინფორმაციას დეზინფორმაციად აფასებს და „აი ფაქტს“ ტყუილების მიზანმიმართული ტირაჟირებაში ადანაშაულებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ “აი, ფაქტის“ მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომლის თანახმად, თითქოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში “კოსმოდრომი“ შენდება. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ მსგავსი სახის მშენებლობა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, რაც შპს “სევრიუკ -აგროს“ არ გააჩნია. ორგანიზაციამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას 2023 წელს მიმართა განცხადებით, რომელშიც კოსმოსური თანამგზავრის გასაშვებად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის ნებართვას ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო როგორც მუნიციპალიტეტის მერიისგან, ისე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან. შესაბამისად, “კოსმოდრომის” მშენებლობის შესახებ დეზინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება სხვა არაფერია, თუ არა უსაფუძვლო სპეკულაცია. მსგავსი ტყუილების მიზანმიმართული ტირაჟირება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, რაშიც “აი, ფაქტი” უკვე არაერთხელ იქნა მხილებული.“- წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„აი ფაქტის“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რუსეთის მოქალქეებს იულია და მარია არხიპოვებს, ლანჩხუთში, შემოღობილ ტერიტორიაზე კოსმოსური ხომალდების ასაფრენი ადგილის, დრონებისა და თანამგზავრების საწარმოს მოწყობა სურთ. გეგმავენ კოსმოსში ხალხის გაშვებასაც საამისოდ კი არხიპოვების კუთვნილმა კომპანიამ “სერვიუკ აგრომ” ლანჩხუთში სამი ნაკვეთი შეიძინა – ჯამში, 14 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია. არხიპოვების გეგმის მიხედვით, სწორედ ამ ნაკვეთებიდან უნდა მოხდეს ხომალდები ორბიტაზე გაშვება.
































































