ქვეყნის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ გაახმოვანა იდეა, რომ მისი გუნდი გეგმავს, სკოლები 12-წლიანი სწავლების ნაცვლად 11-წლიან სწავლებაზე გადაიყვანოს.
კობახიძის მიერ წარდგენილი “საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციის პროექტი” მოიცავს “ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდის ხედვით არსებულ შვიდ პრობლემასა და მათივე ხედვით არსებულ გადაჭრის გზებს.
მოქმედ პრემიერს არ დაუსახელებია კონკრეტული ვადები, როდისთვის შეიძლება ცვლილებების პროექტი მომზადდეს და როდიდან შეიცვალოს სწავლების ვადები.
მთავრობის ამ იდეას ლანჩხუთელი პედაგოგების მხრიდანაც მოყვა გამოხმაურება.
“მე ვაფიქსირებ ჩემს აზრს და გეუბნებით, რომ ჩვენს ქვეყანაში 12-წლიანი სწავლება არ უნდა შეიცვალოს. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას უნდა ჰქონდეს შანსი, რომ ევროპული და ამერიკული განათლება მიიღოს და ეს არ შეეზღუდოს სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ გვახსოვს ჩემი თაობა, ჩემი შემდგომი თაობები, რომლებსაც 11-წლიანი სწავლება აქვთ მიღებული და რამდენი ბარიერის გადალახვა უხდებათ ევროპული განათლების მიღების მსურველ ადამიანებს“, _ ამბობს ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა ვიდეოში, რომელსაც იგი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.
“პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ვიდეო არავითარ შემთხვევაში არ არის პოლიტიკური და გთხოვთ, ამ ჭრილში ნუ განიხილავთ, მაგრამ მინდა გამოვეხმაურო განათლების რეფორმის კანონპროექტს, რომელიც ჯერ არ არის კანონად მიღებული და საზოგადოება მინდა დავამშვიდო და დავაწყნარო, რომ კანონპროექტი არ ნიშნავს კანონს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებამ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. იმიტომ გამოიტანეს საჯაროდ და არის განხილვის საგანი, რომ ადამიანების აზრსაც გაითვალისწინებს შესაბამისი სამსახურები“, _ ამბობს ხათუნა აფხაზავა.
მისივე თქმით, “თუ გვინდა ევროპული განათლება, დავნერგოთ აქ ან ჩვენები წავიდნენ იქ [ევროპაში] სასწავლებლად, ასეც შეიძლება, რომ, როგორც ევროპაშია მაგალითად, გამოცდები საერთოდ არაა და ვინც 12-წლიან სწავლებას გადის, იმათ უმაღლეს სასწავლებელში იღებენ სკოლის ნიშნების საფუძველზე. მოდი, სკოლა გავაძლიეროთ და სკოლას მივცეთ მეტი პრიორიტეტი. სკოლის ატესტატს ჰქონდეს მეტი თამასა იმასთან დაკავშირებით, ვინ სად ისწავლის, როგორც ევროპაშია. ეს დავგეგმოთ და არა ის, რომ 11-წლიან სწავლებაზე გადავიდეთ. ვფიქრობ, ეს უფრო უპრიანი იქნება”.
ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებლის, ლოლა ჩხაიძის შეფასებით კი, ეს ყველაფერი უკან გადადგმული ნაბიჯია:
“განათლების სისტემაში უკან ვდგამთ ნაბიჯს, თუ საზღვარგარეთ მოისურვებ სწავლის გაგრძელებას მონახე გზა იმ ერთი წლის შევსებისო, მე12 კლასში მაინც არ დადიანო, რაც თურმე წლებია ზემოთაც სცოდნიათ და მოგვარების გზად ბოლონიის ხელშეკრულების დარღვევა გამოინახა. “ერთი ფაკულტეტი _ ერთი ქალაქი” ეს კიდევ სხვა თემაა, რომელიც უამრავ პრობლემას შეუქმნის ახალგაზრდებს. კიდევ უამრავი რამ ამოტივტივდა ზედაპირზე და ამ ყველაფერში სოციალურ ქსელებში მასწავლებლები დაადანაშაულა და ლანძღა ხალხმა“.
ცნობისთვის, განათლების სამინისტროს ვებგვერდის არქივში იძებნება ჩანართი, სადაც ახსნილია, რატომ არის აუცილებელი მე-12 კლასი: “ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციის (ლისაბონი, 1997. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წელს) IV განყოფილება შეეხება უმაღლეს განათლებაში დასაშვებად საჭირო კვალიფიკაციების ცნობას, რომლის თანახმადაც, ყოველი მხარე ცნობს მეორე მხარის შესაბამის კვალიფიკაციას თუ არ დასტურდება საფუძვლიანი განსხვავება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის დაშვების წესებსა და იმ ქვეყნის წესებს შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება. ევროპაში უნივერსიტეტში დაშვების ერთ–ერთი წინაპირობაა 12-წლიანი საშუალო სკოლის დამამთავრებელი დოკუმენტი. ამდენად, როგორც წესი, 10-11-წლიანი სკოლის ატესტატი არ მიიღება ევროპის არც ერთი ქვეყნის მიერ.
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სივრცეში ჩართვა მოითხოვს უმაღლეს განათლებაში დაშვებისთვის შესაბამისი ხანგრძლივობის სწავლას.
2005 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი “ზოგადი განათლების შესახებ“, რომელმაც დაადგინა 12-წლიანი განათლება და ამ სისტემაზე გადასვლის ვადებიც განისაზღვრა. 2008-09 სასწავლო წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები გადავიდნენ 12-წლიან სწავლებაზე.
მე-12 კლასის შემოღებით საქართველოს სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯი უფრო ხარისხიანი, ევროპულ სივრცეში მეტად ინტეგრირებული, ეკონომიკის ზრდაზე, ეროვნული მთლიანობის განმტკიცებაზე ორიენტირებული განათლების სისტემისკენ.
საქართველოს სკოლადამთავრებულს უნდა შეეძლოს კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სკოლადამთავრებულს. საქართველოს სკოლადამთავრებულების სულ უფრო მეტი ნაწილი აგრძელებს განათლებას ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში. იმის გამო, რომ ევროპული უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა მინიმუმ 12-წლიან განათლებას ითხოვს, ქართველ ახალგაზრდებს პრობლემები ექმნებოდათ. მაგ. გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად უმაღლესში, მინიმუმ, ერთი წლის სწავლა იყო სკოლის შემდეგ სავალდებულო. საქართველოში თორმეტწლიანი სწავლების შემოღებით ეს მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარებულია და ჩვენს სკოლადამთავრებულებს ეს ხელოვნური ბარიერი აღარ ხვდებათ საკუთარი აკადემიური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად“, _ წერია სამინისტროს ვებგვერდზე.
ავტორი





























































