თუ კერძი მლაშეა
თუ წვნიანი კერძი ზედმეტად მლაშე გამოვიდა, აიღეთ დოლბანდის პატარა ნაჭერი, ჩაყარეთ შიგნით 3-4 სუფრის კოვზი ბრინჯი, მოუკარით თავი დოლბანდს და ქვაბში ჩააგდეთ, ცოტა ხანს გააგრძელეთ ხარშვა და შემდეგ ამოიღეთ. ბრინჯი მარილს შეიწოვს და საკვებადაც ვარგისი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კატლეტი ან შემწვარი ხორცი დაამლაშეთ, გარნირად მწვანე ბოსტნეულის უმარილო სალათა გამოიყენეთ, რომელსაც ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი ექნება მოსხმული.
ზედმეტად მჟავე
ასეთი რამ ხდება, როცა ბევრ ძმარს ან ლიმონის წვენს უზამთ კერძს. ერთი კოვზი შაქრის ფხვნილი სიმჟავის გემოს შეარბილებს.
თუ კერძი მიიწვა
ამ შემთხვევაში უნდა გადავარჩინოთ ის ნაწილი, რომელიც მიმწვარი ძირის ზემოთაა. სწრაფად მოხსენით კერძის ზედა ნაწილი და ცალკე გადაიღეთ. ზედმეტად მაგრად შემწვარი ხორცი შეგვიძლია ახალ კერძში გამოვიყენოთ. დაჭერით მომცრო ნაჭრებად და გააკეთეთ „ბეფსტროგანოვი“. ან, გაატარეთ ხორცის მანქანაში და გამოიყენეთ როგორც ღვეზელის შიგთავსი. კიდევ ერთი ვარიანტი – დაჭერით ძალიან თხელ ნაჭრებად და გამოიყენეთ სენდვიჩებში, ყველთან და სოუსთან ერთად.
თუ ღვეზელი ან ბისკვიტი არ ამოდის ფორმიდან
ესეც გამოსწორებადია. გააჩერეთ ცოტა ხანი ღვეზელი ორთქლის აბაზანაზე. დანა შემოატარეთ ფორმის კიდეებზე, გააციეთ და შემდეგ, ფრთხილად გადმოაბრუნეთ თეფშზე.

































































