„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ეხმაურება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავებას.
მიქელაძე წერს, რომ მეარაყიშვილმა არ გააჩერა საკუთარი აქტივიზმი და სიმართლის შესახებ საუბარი ცხინვალში და აშკარა იყო, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი ამისთვის ფასს გადაახდევინებდა.
„იმ პირობებში, როცა ცხინვალის რეგიონში მედია და სამოქალაქო საზოგადოება პრაქტიკულად განადგურებულია, თამარა მეარაყიშვილი იყო ერთადერთი კრიტიკული ხმა ამ საზოგადოებისთვის. მისი აქტივიზმი ეხმარებოდა როგორც ადგილობრივ ქართველებს, ისე ოსებს საკუთარი პრობლემების დაყენებაში და მოგვარებაში. თამარას წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2017 წელს დაწყებული დევნის შემდეგ, დე ფაქტო რეჟიმი არ აძლევდა პასპორტს და პრაქტიკულად გადაადგილების თავისუფლება ჰქონდა უკანონოდ შეზღუდული. საკუთარი იზოლაცია, ტყვეობა და მარტოობა კი ამ მებრძოლმა ქალმა ბრძოლის და ნაცრისფერ ცხინვალში ახალი სიცოცხლის შეტანის გამოცდილებად აქცია. სამწუხაროდ, თამარა მეარაყიშვილის მხარდაჭერა თბილისის მხრიდან არასდროს იყო საკმარისი. ეს ალბათ იმის გამოც ხდებოდა, რომ თამარა საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის აკრიტიკებდა მათი მიდგომების გამო კონფლიქტების, დევნილების, ახალგორის თემაზე. ახლა დე ფაქტო რეჟიმთან თამარას ისედაც დაძაბული ურთიერთობა ახალ კრიზისულ ფაზაში შევიდა და მას უმძიმეს ბრალდებას (ჯაშუშობა) უყენებენ. არსებითად მნიშვნელოვანია ახლა მაინც გააქტიურდეს თბილისი და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა ამ საკითხის დასაყენებლად და მისი უკანონო პატიმორბიდან გათავისუფლების პროცესის ფორსირებისთვის. [უცნაურია, რომ გუშინ IPRM შეხვედრა იყო ერგნეთში და რამდენიმე საათში თამარა დააკავეს] სუს-ის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ გვერდებზე ამ დრომდე არაფერი წერია ამ საქმეზე. პრესკონფერენციებსა და სხვა აქტიური საჯარო კომუნიკაციის ფორმებს “ქართული ოცნება” მხოლოდ მოქალაქეების რეპრესირებისთვის იყენებს. საერთო ტენდენცია გახდა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხები პოლიტიკური ენიდან სრულად გამქრალია “ქართული ოცნების” მხრიდან, მისი ნაშთები ბიუროკრატიის ადმინისტრაციულ ენაში თუ შეგვხდება“, – წერს მიქელაძე და მეარაყიშვილს სოლიდარობას უცხადებს.
წყარო: პუბლიკა

































































