თბილისელებს კარგი ნაძვის ხე კი გვაქვს, მაგრამ იაპონელებმა მაინც გვაჯობეს.
იქაურმა იუველირებმა შექმნეს ნაძვის ხე სუფთა ოქროსაგან, რომელიც 24 კილოგრამს იწონის და 1.5 მილიონი დოლარი ღირს. ეს საშობაო სასწაული შემკულია 240 ძვირფასი ქვით, მათ შორის ბრილიანტებით და მარგალიტის “წვიმებით“.
თუ დაინტერესდებით, ამ ორიგინალური ხელოვნების ნიმუშის ზუსტ ადგილმდებარეობას გაცნობებთ.
ჩაფრინდით “ამომავალი მზის“ ქვეყანაში, მიაშურეთ კუნძულ ჰონსიუს და დაბინავდით ქალაქ ოსაკაში. შემდეგ აიღეთ საჭირო თანხა და განზა ტანაკას ქუჩაზე მდებარე საიუველირო მაღაზიაში შეიარეთ.
ახალი წლისათვის ბრაზილიაშიც კარგად მოემზადნენ. იქაურები იაპონელებისგან განსხვავებით სხვა გზას დაადგნენ. სან-პაულოელმა კონდიტერებმა შოკოლადის ნაძვის ხე დაამზადეს, რომელიც 110 კილოგრამს იწონის და სიმაღლით ხუთი მეტრია. ტოტებზე საჩუქრების ნაცვლად 3 ათასამდე კანფეტი მოათავსეს, ნიგვზისა და კარამელის შიგთავსით.
ეს ნაძვის ხე მხოლოდ და მხოლოდ 6680 დოლარი ღირს, ოღონდ მას ვერ შეიძენთ, რადგან არ იყიდება. სხვა ტკბილეულთან ერთად ის კიბოთი დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების მხარდამჭერ ფონდში გადააგზავნეს. საჩუქრის ადგილზე მისატანად გამოიყენეს სპეციალური სატვირთო-სამაცივრო დანადგარი. სხვაგვარად ლათინური ამერიკის ცხელ კლიმატში შოკოლადი გზაში დადნებოდა.
































































