“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარ პატიმრობაში“ დატოვა შენობის გადაწვის მცდელობის გამო „ტერორისტული აქტის მცდელობაში“ ბრალდებული პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლე მზია გარშაულაშვილმა იგი დარბაზიდან გააძევა.
გაძევებამდე ელისაშვილმა თქვა, რომ ორი განცხადება ჰქონდა გასაკეთებელი: მან მადლობა გადაუხადა აქციების და მარშების მონაწილეებს, შემდეგ კი ოპოზიციას სთხოვა, „აღდგომამდე დადონ ზავი და ერთმანეთი არ ლანძღონ“.
ბოლოს მან მოსამართლე გარშაულაშვილს, – რომელიც ელისაშვილს ხშირად აწყვეტინებდა სიტყვას, – სთხოვა, „სახე შეინარჩუნოს“. სწორედ ამის შემდეგ იგი დარბაზიდან გააძევეს.
ალეკო ელისაშვილმა გაძევებამდე ასევე განაცხადა, რომ მკაცრი რეჟიმის ციხეში, – სადაც დამატებითი შეზღუდვები აქვს დაწესებული, – პირადად მისი „გულითადი მეგობრის მამუკა მდინარაძის პირადი დავალებით არის“.

































































