ირანის მუქარამ, რომ “ცეცხლს წაუკიდებს” ნებისმიერ გემს, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლა დააპირებს, მსოფლიო ენერგობაზარი დააფრთხო. თეირანის განცხადებით, ისინი “არ დაუშვებენ რეგიონიდან ნავთობის არცერთი წვეთის გასვლას”, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის გლობალური ნავთობისა და გაზის მიწოდების 20%-ს.
- რატომ არის ეს მარშრუტი კრიტიკული?
ჰორმუზის სრუტე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ნავთობის სატრანზიტო არტერიაა. მისი სივიწროვის გამო (ყველაზე ვიწრო წერტილში მხოლოდ 33 კმ), იგი ადვილად მოწყვლადი წერტილია.
ტვირთბრუნვა: დღეში საშუალოდ 20 მილიონი ბარელი ნავთობი (დაახლოებით 600 მლრდ დოლარის წლიური ბრუნვა).
ძირითადი მოთამაშეები: სრუტით სარგებლობენ ერაყი, ქუვეითი, კატარი, საუდის არაბეთი და თავად ირანი.
მთავარი იმპორტიორები: ნავთობის 82% აზიის ქვეყნებზე (ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია) მოდის.
- რა ხდება ახლა? – ფასების ნახტომი და “დე ფაქტო“ ბლოკადა
მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური ბლოკადა ჯერ არ დაწესებულა, ექსპერტები ამბობენ, რომ სრუტე “დე ფაქტო“ ჩაკეტილია.
Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა უკვე გადააჭარბა 82 დოლარს.
გადაზიდვის ხარჯები: სუპერტანკერის დაქირავების ფასი ჩინეთამდე რეკორდულ ნიშნულამდე – 400 000 დოლარამდე გაიზარდა (გასულ კვირასთან შედარებით თითქმის გაორმაგდა).
შეფერხება: დაახლოებით 150 ტანკერი ამჟამად გაჩერებულია, რადგან კომპანიები ვერ იღებენ დაზღვევას მაღალი რისკების გამო.
- ირანის შესაძლებლობები და ალტერნატივები
ანალიტიკოსების აზრით, ირანს სრუტის ჩაკეტვა შეუძლია საზღვაო ნაღმების, სწრაფი კატარღებისა და წყალქვეშა ნავების გამოყენებით. თუმცა, ამან შესაძლოა გამოიწვიოს აშშ-ის პირდაპირი სამხედრო ჩარევა, როგორც ეს 80-იან წლებში “ტანკერების ომის“ დროს მოხდა. თან გასათვალისწინებელია ისიც, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, რომელშიც ათიათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, 17 ირანული გემი უკვე გაანადგურეს, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალების მეთაურმა ბრედ კუპერმა განაცხადა. “მარტივად რომ ვთქვათ, ფოკუსირებულები ვართ ვესროლოთ ყველაფერს, რასაც შეუძლია ჩვენკენ სროლა. ჩვენ ასევე ვძირავთ ირანის საზღვაო ფლოტს – მთელ საზღვაო ფლოტს. ჯერჯერობით, გავანადგურეთ 17 ირანული გემი, მათ შორის ყველაზე ოპერატიული ირანული წყალქვეშა ნავი, რომელსაც ახლა გვერდში ნახვრეტი აქვს“, – განაცხადა კუპერმა.































































