“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში „ქართული ოცნების” პარტიულ სალაროში ჩარიცხული 5,812,000 ლარიდან 2,403,000 ლარი (41%) აჭარის წილია. ბოლო პერიოდის არასაარჩევნო წლებს შორის ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია: 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოწირულებების ჯამი 2 მილიონ ლარამდე იყო, 2024 წელს – 2,1 მილიონი, 2025 წელს კი – 4,000,000 ლარამდე. 2025 წელს „ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნები ჩაატარა.
საკვლევ პერიოდში „ქართული ოცნების” 63 შემწირველიდან 55 ფიზიკური პირი ერთ ან რამდენიმე კომპანიასთან არის დაკავშირებული. ამ კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებში ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით მიიღეს 870 მილიონი ლარი, შემწირველ კომპანიებზე კი 3 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის მშენებლობის ნებართვა გაიცა, ძირითადად, ბათუმსა და ქობულეთში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2026 წლის იანვარ-აგვისტოში განხორციელებული შემოწირულებების შესწავლისას გამოიკვეთა კოორდინირებული დონაციის ტენდენცია. ამის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ 2026 წლის 26 მარტის შემთხვევა, როდესაც 8 ფიზიკურმა პირმა „ქართული ოცნების” ანგარიშზე დიდი თანხები გადარიცხა. 23-24 აპრილს შპს „ნოვას“ მეწილეებმა 278,000 ლარი შეწირეს „ქართულ ოცნებას“. იგივე მოხდა 23 მარტს, 13 და 25 მაისსაც, როცა 4-4 ფიზიკურმა პირმა ივანიშვილის პარტიისთვის ასეულობით ათასი ლარი გაიღო. ჯამში ამგვარი სინქრონული გადარიცხვების შედეგად „ქართულმა ოცნებამ” 1,278,064 ლარი მიიღო.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადბით, წელსაც თვალშისაცემია მსხვილი სამშენებლო, სამედიცინო, სავაჭრო და თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების მეწილეების შემოწირულებების ტენდენცია.































































