სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)- ამ ოთხმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 14 დეკემბერს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში პარტიული ღონისძიების ფარგლებში ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ.
პარტიის განცხადებით, ღონისძიება საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას უკავშირდება.
განცხადება 13 დეკემბერს გავრცელდა, სადაც ნათქვამია:
“აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მიერ მოქალაქეთა აქტიური მობილიზება შეინიშნება, რომელსაც ძირითადად კოორდინაციას უწევენ „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და სოფლების საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს, ა(ა)იპ და სსიპ-ების თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით.
საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლების გარდა, ზუგდიდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ.
ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა. ამასთან, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან, და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან,“_ წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა კონკრეტულად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რომელ სოფელში დაფიქსირდა ზემოთ აღნიშნული ფაქტები.
“სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურია-ფოთის რეგიონალური კოორდინატორის, მადონა ბერიძის თქმით, კონკრეტულ სოფლებს ვერ დაასახელებს, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებმაც ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები ანონიმურობა ითხოვეს.