“ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, საკრებულოს წევრის, დავით მჟავანაძის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მერზე, კონტანტინე შარაშენიძეზე თავდასხმა მოხდა:
“როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, აჭის წყლის საქმეზე გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის და კრიმინალების საგანგებო თათბირის შემდეგ, გახორციელდა ქალაქის მერზე თავდასხმა, რომელმაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გაჩუმება ამჯობინა.
მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე რადგან კარიერების საქმეზე მერზე თავდასხმა არის არა ერთ კონკრეტულ პირზე, არამედ, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და მისი მიზანმიმართული ნგრევაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კრიმინალების მხრიდან ოზურგეთში ძალაუფლების აღება და კონტროლის დამყარება.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მივმართავ და მოვითხოვ ქალაქის მერისგან, ოზურგეთში ნუ დაუშვებს კრიმინალური დაჯგუფების გაძლიერებას და გამოიყენოს კანონით მინიჭებული ყველა უფლება, რათა არ მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის ხარჯზე მათთვის განუსაზღვრელი ძალაუფლების მინიჭება”, _ წერს სოციალურ ქსელში დავით მჟავანაძე.
მჟავანაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ წყარომ შეატყობინა:
_ ვიცი, რომ შემთხვევა ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის წინ, რამდენიმე დღის წინ მოხდა. ვიცი ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც მერს თავს დაესხნენ, თავდასხმამდე გურიის გუბერნატორთან იმყოფებოდნენ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მჟავანაძემ.
მისივე თქმით, მას მერის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი დეტალი ოზურგეთის მერისგან გაგვეგო, თუმცა, შარაშენიძემ ტრადიციას არ უღალატა და “გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
თემაზე კომენტარი არ გააკეთა გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, რომლის თქმით, “მჟავანაძის აბსურდული განცხადებების საპასუხოდ დროს ვერ დაკარგავს”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტყობინება იმის შესახებ, რომ მერს თავს დაესხნენ, უწყებაში არ შესულა.