გურიის იდუმალ, ლეგენდასთან გაიგივებულ კურორტ ბახმაროს, აგვისტოს მიწურულის მზე განსაკუთრებულად წყალობს. სითბოს ჩუმი გუგუნის შეგრძნებაა ირგვლივ.
ცენტრალურ სივრცეს ფერიცვალობის ეკლესია ამშვენებს. მეორე მხარეს ჯამეს მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ორი აღმსარებლობის ქართველობა, აქ, მთაში განსაკუთრებით ფლობს ურთიერთპატივისცემის კულტურას.
ფერიცვალობა ბახმაროში, ტრადიციული დოღის ლაზათის გარეშე, წარმოუდგენელია. თუმცა პანდემიამ წელს თავისი წესებით იმოქმედა.
ახლა დამსვენებელთა რაოდენობამ იკლო. აქ ადგილობრივ მცხოვრებთა მხოლოდ ის წარმომადგენლობა განაგრძობს საქმიანობას, ვინც თითქმის ნახევარი წლის მანძილზე მთაში რჩება. აქვთ საკუთარი სახლები, უვლიან მთის საძოვრებზე გადადენილ პირუტყვს, მისდევენ აგრარულ საქმიანობას და უსაზღვროდ შრომისმოყვარეებს მსუყე ლუკმის გასაჭირი არც არასდროს აქვთ.
რა ხდება შინ და გარეთ?
შინ, მაგალითად ირემაძეებთან( ისევე როგორც ბევრ სხვასთან) , ქალბატონ თალიკოს თქმით, მიმავალ ზაფხულს ოთახში შეპატიჟებული გაზაფხული აცილებს _ კედლებიდან მთის ფერებში აკინძული ნაქარგობები იმზირება.
მარტო კაიმაღის და ყურუთის ოსტატი არ ვარ, მთაში ზამთარი ხანგრძლივია და შინ განწყობის შექმნას ბავშვობიდან ვცდილობო. ბაბუა ოთარ ირემაძე, შვილიშვილებთან ერთად, სოკო „ცხვრის დუმას“ ნადავლით ეგებება სტუმრებს-დღეს მოფიქრებული ჟესტიაო.
ტრადიციულ აკვანში ძინავს ციცქნა ნია გორგაძეს და დიდი ბებია თავსასთუმალს უზის – უცვლელად ხმიანობს „მზე შინა და მზე გარეთა“. გარეთ კი უსაყვარლესი „დები ბოღვები“ თამაშს თავს ანებებენ და ერთ მზერაში ატევენ, როგორია უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა.
რა ხდება გარეთ?
გარეთაც შრომობენ შრომისმოყვარეები. კურორტზე უკანონო მშენებლობების ტრფიალნი კი, კანონზე მაღალი (ტოლი თუ დაბალი) შენობების აგებას ისე სწრაფი ტემპით ახერხებენ, ადგილობრივების იუმორით, „კაცი ნაგულაის ხოხოლას ვერ ააწყობს ასე ჩქარა“.
კიდევ ბევრი, ავკარგიანი თანმდევი მოვლენა ახლავს კურორტის ცხოვრებას, რომლის ნაწილიც ჩვენს ფოტორეპორტაჟში აისახა.
[sexy_author_bio]