“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს სოციალურ ქსელ “facebook„-ზე წვდომა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბრძანებით, აეკრძალათ“, _ ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გაავრცელა.
“ეს გადაწყვეტილება ისედაც საკამათოა, რომელიც სიტყვის და გამოხატვის უფლების შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საკრებულო, რომელიც არჩევითი პოლიტიკური ორგანოა (ანაგრიშვალდებული ამომრჩევლებთან), ხოლო “Facebook”-ი მისი გახორციელების ერთ-ერთი მარტივი საშუალებაა. მაია ცქიტიშვილის უწყება რატომ გვართმევს ამ უფლებას, იქნებ ვინმემ მიპასუხოს?!“ _ აღნიშნულია კახა ასკურავას გავრცელებულ ტექსტში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის, მაკა სულაბერიძის თქმით, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და არავისთვის აუკრძალავთ ფეისბუქის მოხმარება.
გურიის გუბერნიის პრესსამსახურის უფროსმა, ნინო ლომჯარიამ ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელის შეზღუდვასთან დაკავშირებით არანაირი მითითება და არც ოფიციალური ბრძანება არ არსებობს.
“დროებით მოხდა შეზღუდვა, ისიც საქმიდან გამომდინარე, ვინაიდან ეს ყველაფერი არის დაკავშირებული ინტერნეტის სიჩქარესთან. არავის ინტერნეტი არ ეზღუდება, დღეს ყველას აქვს, მითუმეტეს, ტელეფონში და სამუშაო საათებშიც სარგებლობენ. დროებით მოხდა შეფერხება, სანამ ინტერნეტის მიწოდება გაუმჯობესდება“, _ გვითხა ნინო ლომჯარიამ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსმა, ეკატერინე მგელაძემ გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე არ სჭირდებათ სოციალური ქსელებით სარგებლობა, წვდომა აღარ აქვთ.
გაიცა თუ არა მითითება სოციალურ ქსელების ხელმიწვდომაბაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებენ აღნიშნულ უწყებაში და გურიის გუბერნიაში.
გორის სათემო რადიო “მოზაიკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სოციალური ქსელებით სარგებლობა შეიზღუდება.
“ინფრასტრუქტურის სამინისტროს მითითებით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში სოციალურ ქსელებზე, მათ შორის “ფეისბუკზე” წვდომა შეეზღუდებათ. ეს ინიციატივა სამინისტრომ მიმდინარე კვირის დასაწყისში გასცა.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მიხეილ გოგინაშვილი აცხადებს, რომ ეს შეზღუდვა მხოლოდ სამსახურის კომპიუტერებზე იმოქმედებს, სურვილის შემთხვევაში, კი მოხელეს ტელეფონით სარგებლობის საშუალება ექნება“, _ აღნიშნულია რადიო “მოზაიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.