“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს შალვა ნათელაშვილსა და მის მეუღლეს ორი კვირის წინ კორონავირუსი დაუდგინდათ. ამ დროის განმავლობაში ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდნენ. შალვა ნათელაშვილის მეუღლე ბელა ალანია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საავადმყოფოში გტარებულ დღეებს აღწერს. როგორც ნათელაშვილის მეუღლე წერს, მათ კოვიდი უკვე დაამარცხეს.
გრძელი დერეფნის ბოლოს ფანჯარაა. იქ მწვანედ ჰყვავის ხე, რომელიც პეიზაჟს მიქმნის. აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როცა ქარისგან ირწევა და იბრძვის, მეც მასწავლის, რომ არ უნდა დავმორჩილდე კოვიდს.
ის, უბრალოდ, სახადია და არა დაავადება!
…
აქ სულ ორი ფერია. და კიდევ: არც არაფერს აქვს სუნი და გემო, მაგრამ არავინ ჩივის ასეთ წვრილმანებზე…
….
დღე ნელა მიიზლაზნება. არავის ეჩქარება დაღამება. ღამე ბევრად უფრო უტყვია და თანაც იმდენ ფიქრს აჩქარებს… ჰო, ფიქრებს, მიძინებულს გონების სიღრმეში…
ახლა დრო გაქვს, ყველაფერს ჩამოუარო, შეეხო…
საათის წიკწიკსა და გულისცემას წვეთოვანიდან ჩამოწურული წამალი გიცვლის, განუზომელ უდროობაშიც რომ გინდა, რაც შეიძლება მალე დაიცალოს.
….
ფანჯარასთან მტრედები მოფრინავენ დროდადრო… ნამცეცებს ეძებენ. სარკმელს გაღმა ხმაურიდან, სადაც მტრედებისთვის აღარავის სცხელა…
….
ერთ პალატაში მოგვათავსეს მე და შალვა. მიკვირს, როგორ გაძლო ის 5-6 დღე. ვარჯიში არ შეუწყვეტია. არც ავადმყოფურად ჩაწოლილა.
– რატომ დააცემინე?
– კოვიდი მაქვს!
– რატომ გახველებს?
– კოვიდი მაქვს!
– შენ რა, სიცხე გაქვს?
– კოვიდი მაქვს!
ასეთ „რიტორიკულ შეკითხვებს მისვამდა… მგონი, სასტუმროში ვართ მე და შენ, მე კი ვერ ვხვდები- მეთქი, უხალისოდ ვუღიმოდი…
….
მეგობრები მეკითხებოდნენ, რამე ხომ არ მოგიტანოო. ერთს ვუთხარი, 5 ცალი საჰაერო ბურთი მომიტანე-მეთქი.
მეორე დღესვე მოარბენინა დაბერილი საჰაერო ბურთების დიდი ასხმა. მათ დასაბერად „არ(!) შემაწუხა“.
….
მიტოვებდნენ სუვენირებს.., ათას რამეს დაბლა, დაცვასთან.
მიტოვებდნენ ისინიც, ვისაც პირადად არც კი ვიცნობდი. მიტოვებდნენ სიყვარულით სავსე ბარათებს, ლექსებს, გულ-პეპლებდაკრულებს…
….
ორი მტრედი შემომეჩვია…
კოვიდიანთან ნებართვის გარეშე სხდებოდნენ რაფაზე. ვეჩურჩულებოდი სათითაოდ და მეგონა, ვაგონებდი…
….
ოთო ექიმი გვახალისებდა, გურულ ისტორიებს გვიყვებოდა.
აი, ასეთებს, ღიმილიან განწყობას რომ გვიქმნიდნენ:
ბიძამისს რომ ჰყოლია ძაღლი, სახელად პალმა. დაჰყავს თურმე სანადიროდ. ჩამოაგდებს მწყერს, პალმა მიირბენს, დაყნოსავს, გამობრუნდება!
არადა, როგორც ყველა მონადირეს სჩვევია, ბაქიბუქობს ბიძია. მაგარი მონადირე ძაღლია ჩემი პალმა, მწყერს ხელიდან არ უშვებსო.
ესტუმრნენ ერთხელ თურმე სხვა მონადირეები, „ჩაზმანული“ ძაღლებით.
დაიწყო ნადირობა მწყერზე! რამდენიმემ ერთად გაისროლა. ჩამოვარდა მხოლოდ ერთი, გაიქცა პალმა, დაყნოსა! გურული რაის გურულია, რამეს რომ არ მოიფიქრებდა, ჰოდაა…
– პალმააა! არაა მაი მწყერი ჩვენი! – გასძახა და ქე შემოტრიალდა პალმა უკან.
ეს რა ძაღლი გყოლია, სხვის მწყერს პირი არ დაადო, მომეცი, მანქანაში გაგიცვლიო… – ჰკვირობდნენ თურმე, მრავლის მნახველი მონადირეები. ჰოო, ასე იყო თურმე…
….
იმ დღეს ჰაერის უკმარისობა მქონდა. ასეთ დროს უმწეო ხდები… შესცქერი სატურაციის აპარატს და მისი მაღლა-დაბლა აწევ-დაწევა ხდება სასიცოცხლო თემა.
იმასაც უშვებ, რომ დილით შეიძლება ვერ გაიღვიძო…
იმ ,,დაშვებაში” მთელი გავლილი ცხოვრება ეტევა, მთელი თავისი აბსურდით და უსაზღვრო სევდით…
….
აქ ყველას ყველა უყვარს… არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა წამყვანი თემა.
ჩვენ კოვიდი გვაერთიანებს. დიახ, ჩვენ კოვიდიანები ვართ!..
…
ფუსფუსა ექთნები გვიფრთხილდებიან. მზრუნველი, გასაოცარი, „ჩვენიანი“ ექიმები ჰყავს კლინიკას. თამილა ექიმი იმედს არიგებს! შემიყვარდა, ის გამორჩეულია…
კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მარტო პროფესიონალი კი არ არის, რომელმაც იცის ყველა პაციენტის სახელი, გვარი და დღეში ორ-სამჯერ პირადად ეკონტაქტება თითოეულს. ის, უბრალოდ, სიყვარულით სავსე ადამიანია და სანამ საქართველოში ასეთები მეგულება, სიგლახეები ვერ მოგვერევა, ვერ დაგვჯაბნის!..
….
თოთხმეტდღიანი ბრძოლის შემდეგ, ექიმების დახმარებით, სახლში ვარ!
იქ კი, კოვიდით დასევდიანებული პალატის ფანჯარასთან ალბათ დღეს დილითაც ისევ ისე მიფრინდა ჩემი ორი მეგობარი…
მშვიდობა თქვენდა, ჩემო წითელფეხება, თეთრგულა მტრედებო!..
ბელა ალანია