საკვირველი ხალხი ვართ ქართველები, დახვავებული გვაქვს უამრავი პრობლემა, ლამისაა თავზე ჭერი გვენგრევა და ამ დროს მთელი საზოგადოება და მედია სივრცე ბჭობს და თავს იმტვრევს იმაზე, გვჭირდება თუ არა მეფე და ვინ უნდა იყოს იგი. პრეზიდენტის ინსტიტუტი (იგულისხმე მოქმედი პრეზიდენტი) ვერ აიტანა საზოგადოების ერთმა ნაწილმა და მმართველმა ელიტამ, ახლა მოგვინდა კონსტიტუციური მონარქია – მეფე სახე იქნება სახელმწიფოსი და გააერთიანებს ერსაო. ვითომ? მახსოვს დიდი ხნის წინ ოზურგეთში ვიყავი და პირველი არხის გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა გუბერნატორისაგან (თუ არ ვცდები ჭკუასელი იყო მაშინ) ინტერვიუს ასაღებად. ცენტრში მდგომ გურულებს ჰკითხეს: გუბერნატორი სად ზისო? _ აქანე ბატონო, აქანე ზისო! _ უ პასუხა ერთმა გურულმა და კისერზე დაირტყა ხელი.
ა, ასე წამოგავსკუპდება ახლადგამოჩეკილი მეფეც საქართველოს მოსახლეობას და ისევ მისი შესანახი იქნება (მეფე უნდა ჰყავდეს ეკონომიურად ძლიერ ქვეყანას და ხალხს, რომელსაც მკაფიოდ აქვს გააზრებული და გათავისებული სახელმწიფოებრივი იდეა და არა ასეთ დაჩაჩანაკებულს, რავარც ჩვენ ვართ). კაი დავანებოთ ამას თავი: მეფეს რომ ვჩივით, ამ პოსტზე ღირსეული კანდიდატურა თუ არსებობს? რასაც მე ვუყურებ, ნაღდად არა (თუ მეშლება რამე, შემისწორეთ და თვალები ამიხილეთ). ეხლა სანამ გამოვზრდით და ვასწავლით რაცხას, ანდაზისა არ იყოს, იქამდე ტყავსაც გაგვაძრობენ. ვიქტორ ფრანკეშტეინი კი დიდი ხნის მკვდარია, თვარა ვთხოვდით და ან დავით აღმაშენებელს ან ერეკლეს გააცოხლებდა…
რაკი ეს საკითხი აქტუალურია გთავაზობთ გადავინაცვლოთ წარსულში და გავიხსენოთ გურიის მმართველები – გურიელები (ნაწყვეტი აღებულია მომავალი წიგნიდან /თუ გვეღირსა გამოცემა/ ლანჩხუთის შესახებ, ავტორები თქვენი მონა-მორჩილი, ნონა იმნაძე და ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის თანამშრომლები).
,,რაღაც საოცრება იყვნენ ეს გურიელები, _ იხსენებდა ექვთიმე თაყაიშვილი, _ მამია გურიელი ქუთაისის ბაღში რომ გაივლიდა, ყველა მისკენ იყურებოდა… ყველა გურიელი მომღერალი გახლდათ! ვახტანგ, ჯაბა და ტელემაკი ძალიან შეხმატკბილებული იყვნენ; მახსოვს მათი სიმღერა ტექსტით:
,,ინდი-მინდი, ფერად შინდი, ფრთა შეისხი, გადმოფრინდი,
გამომყევი, გამობრწყინდი, შენთვის სიკვდილს არ შევშინდი,
უკვდავების წყაროდ მინდი!..”
ტერმინი ,,გურული” ლიტერატურაში შედარებით ახალი ფორმაა. ძველ წყაროებში ამ მნიშვნელობით იხმარებოდა ,,გურიელი”, ბაგრატ IV დროს (XI ს.) იხსენებიან ,,გურიელნი აზნაურნი”, ე. ი. აზნაურები გურიიდან. ეს ფორმა ჩვეულებრივია XII საუკუნის ძეგლებისთვისაც. იგი გვიანაც გვხვდება, კერძოდ გურიელს უწოდებს გურიის მცხოვრებს (გურულს) სულხან-საბა ორბელიანი. იოანე ბატონიშვილი XIX ს. დასაწყისში წერს, რომ იაკობ შემოქმედელი (დუმბაძე) იყო გურიელი. ასევე ,,გურიელი” იყო, მისი სიტყვით, ,,მამა პეტრე ჩხატარაისძე” და ა. შ.
გურიელი – გურიის მკვიდრი და გურიელი – გურიის მფლობელ-გამგებელი რომ განესხვავებინათ, პარალელურად იხმარებოდა ფორმა ,,გურიული”. ასეა ვახუშტი ბატონიშვილის ხელნაწერებში, ,,ახალ ქართლის ცხოვრებაში”. ნიკო ბერძენიშვილის სიტყვით ტერმინი ,,გურიელი” (იგულისხმება გურიელი ერისთავთ-ერისთავი), ისევეა ნაწარმოები, როგორც თმოგველი, ცხუმელი, ბედიელი, ხორნაბუჯელი… იგი სარეზიდენციო სახელიდანაა ნაწარმოები. XIX საუკუნის დასაწყისიდან გურიელი თანდათან გურიის სამთავროს სახლის წევრთა (ბატონიშვილთა) გვარის სახელად იქცა (გურია მხარის კვლევა-ძიების შედეგები, თბილისი, 1996, გვ. 126-129).
გურიის სამთავროს ფეოდალური არისტოკრატია ასეთი შემადგენლობისა იყო: ქვეყნის სათავეში იდგა მთავარი – გურიელი, ,,ხელმწიფის”, ,,ხელმწიფე გურიელის” ტიტულით. გურიელის სახლის წევრები ბატონიშვილებად ან გურიელისძეებად იწოდებოდნენ და საბატონიშვილო ყმა-მამულს ფლობდნენ.
ფეოდალური იერარქიის მომდევნო მაღალ საფეხურზე იდგნენ მსხვილი მემამულეები – თავადები. თავადებს ეკავათ სამთავროს უმაღლესი საერო და სასულიერო თანამდებობანი: სარდლის, სახლთუხუცესის, მოურავის, მესტუმრეთუხუცესის, ეპისკოპოსის, წინამძღვრის. თავადობას ლაშქარ-ნადირობისა და მთავრის გამასპინძლების გარდა სხვა რაიმე სახელმწიფო ვალდებულება არ ედო.
თავადებს ქვემოთ იდგნენ საპატიო კაცები ანუ უაზნაურო თავადები, ჩვეულებრივ, გურიაში სხვა მხარეებიდან გადმოსულნი. მაგ., შალიკაშვილებისა და თავდგიირიძეების ნაწილი.
გურიის ფეოდალთა ყველაზე მრავალრიცხოვან ფენას შეადგენდნენ სახელმწიფო (სამთავრო, ,,ტახტის”), საეკლესიო და სათავადო აზნაურები, რომელთა თავისუფლება (,,აზნაური” თავისუფალს ნიშნავს) ვასალიტეტის დებულებით გარკვეულად შეზღუდული იყო. ეს შეზღუდვა იმაში გამოიხატებოდა, რომ აზნაურს ბატონის ნებართვის გარეშე არ შეეძლო განეკარგა (გაეყიდა, შეეწირა) თავისი ყმა-მამული და ბატონის შეცვლის შემთხვევაში თავისი სააზნაურო ყმა-მამული უნდა დაეთმო. აზნაურს ევალებოდა: ბატონის პირად სამსახური და დაცვა, ლაშქარ-ნადირობა და სადილი _ ანუ გამასპინძლება. ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან რაიმე მძიმე დანაშაულის შემთხვევაში აზნაური შეიძლებოდა დაემცროთ, გლეხად ექციათ.
თავადები და აზნაურები (ლაშქრობავალდებულ უმაღლესი თანრიგის გლეხებთან – მსახურებთან ერთად) ქვეყნის დამცველ, მხედრულ ფენას შეადგენდნენ. ამავე დროს თავადაზნაურობიდან გამოდიოდა იმდროინდელი ინტელიგენცია. გურიის აზნაურები, როგორც საქართველოს ერთიანი სამეფოს ლაშქრის ერთი შენაერთი, უკვე XI საუკუნეში, ბაგრატ IV-ის დროს მოიხსენიება (გურიის თავადთა და აზნაურთა ოჯახები, ,,მეცნიერება”, 1993, გვ. 8-10).
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში გურიის სამთავროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საბატონიშვილოს წარმოადგენდა გიორგი მეხუთე გურიელის (მთავრობდა 1756-1788 წლებში) საუფლისწულო მამული, რომელიც მდებარეობდა გურიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მან თავის ხუთ ვაჟს სიცოცხლეშივე დაუტოვა საბატონიშვილო მამულები, აქედან ერთ-ერთს, ვახტანგს, რომელიც 1792-97 წლებში მთავრობდა, უბოძა ტერიტორიები სოფელ ლესა-მალთაყვას მიდამოებში.
გურიელ ბატონიშვილთა შორის ხშირად ხდებოდა დაპირისპირება მამულებისა და ყმების ხელში ჩაგდების გამო, რომლის ამსახველი ფაქტებიც მრავლადაა წარმოდგენილი იმდროინდელ სიგელ-გუჯრებში. აღნიშნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, მიწების მიტაცებასა და ავანტიურაში ყველაზე მეტად ვახტანგ ბატონიშვილი იყო დაწინაურებული. იგი არ ერიდებოდა ძმების მამულების დაწიოკებას და ყველანაირი საშუალებით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას.
ვახტანგ გურიელი დაქორწინებული იყო ზაალ ბარათაშვილის ასულ მარიამზე. ჰყავდა შვილები დავითი და კონსტანტინე. ეს უკანასკნელი მცირეწლოვანი გარდაიცვალა. ვახტანგ ბატონიშვილის საუფლისწულო რეზიდენცია გახლდათ ლანჩხუთის სოფელი ლესა, სადაც შემდგომ მისი ვაჟი დავითი ოჯახითურთ დამკვიდრდა.
ვახტანგ გურიელის გარდაცვალების თარიღი უცნობია. სიგელი, რომელშიც ბატონიშვილი უკანასკნელად მოიხსენიება, თარიღდება 1817 წლით. სავარაუდოდ იგი 1819 წლამდეა გარდაცვლილი, რადგან 1819-20 წლების გურიის მოვლენებში მისი სახელი აღარ იხსენიება. ვახტანგ გურიელი და მისი მეუღლე მარიამი, რომელიც უფრო გვიან გარდაიცვალა, დაკრძალულნი არიან ჯუმათის მთავარანგელოზის ეკლესიაში.
გურიის სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1828 წელს, ვახტანგ გურიელის ვაჟი დავითი სხვა წარჩინებულებთან ერთად სოფიო დედოფალს გაჰყვა თურქეთში. 1832 წელს, მას შემდეგ რაც ნიკოლოზ პირველმა შეწყალების ამინისტია გამოსცა, დავით ვახტანგის ძე სხვა ბატონიშვილებთან ერთად დაბრუნდა გურიაში, დაიბრუნა კუთვნილი ყმა-მამული. მისი სამფლობელო მოიცავდა ლანჩხუთის დასავლეთით ვრცელ ტერიტორიებს, რომელიც აღწევდა შავ ზღვამდე და მასში შედიოდა ფოთის, მალთაყვის, გრიგოლეთისა და ჩიბათის თემი.
დავითი დასახლდა სოფელ ლესაში, იქვე ააგო სასახლე, რომელიც შესანიშნავად აქვს აღწერილი მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს იონა მეუნარგიას: ,,მისი სასახლე დაწყობილი იყო ისე, როგორც ეს უნდოდა ძველ ჩვენს ჩვეულებას საზოგადოდ საქართველო-იმერეთში. ეზოში იდგა სასახლის ეკლესია, რომელშიც კვირა-უქმე დღეს წირვა-ლოცვას ასრულებდა კარის ეკლესიის მღვდელი იოსებ გიგინეიშვილი, თქვენ თვითონ მიხვდებით, რა კარგი მგალობლებით, იმ ქვეყანაში, საცა ყოველი კაცი მგალობელია. დავით, რაც უნდა საჭირო საქმე ჰქონოდა იმას, არც ერთ წირვას, არც ერთ ლოცვას არ დააკლდებოდა, როგორც ამბობენ, თითქო თათრებში ესწავლოსო თავ-თავის დროს ლოცვის გადაუცდენობა. ეკლესიის მოშორებით იდგა დავითის სადგომი სახლი, ძველებური დიდი ოდა, და იმის გვერდით სასტუმრო ,,სააზნაურო სახლი”, რომლის სიდიდეზე იტყვიან ,,შიგ ცხენი გაჭენდებაო”. სხვა შენობათაგან, რომელთაც გადაეჭრელებინათ დავითის ეზო, მეტი ყურადღების ღირსი იყო საჯინიბო, რომელშიც ება მისრეთის ფაშისაგან გამოგზავნილი მშვენიერი არაბული მერანი” ((https://burusi.wordpress.com/2009/09/11/mamia-gurieli-iona-meunargia/).
დავით გურიელს ცოლად ჰყავდა სახელგანთქმული ,,დიდ ნიკოდ” წოდებული ნიკოლოზ დადიანის ასული ეკატერინე (შინაურობაში ბათუ). მათ შვიდი შვილი ჰყავდათ: მამია, ჯამბაკური, ვახტანგი, ტელემაქი, ვარდენი, ივდითი და მაკა. დავით გურიელი გარდაიცვალა 1956 წელს 54 წლის ასაკში, მისი მეუღლე 1884 წელს, ისინი განისვენებენ ჯუმათის მონასტერში.
როგორც იონა მუნარგია ამბობს, ,,ამ საბატონიშვილომ მისცა საქართველოს შესანიშნავი პოეტი და მოღვაწე მამია გურიელი-ფაზელი… მამია მშვენიერი ხელოვანია: წაიკითხეთ მისი ,,ქობულეთური ყანის სიმღერა” და თქვენ წარმოგიდგებათ თქვენს წინაშე ჩინებული ლირიკოსი პოეტი, აკაკის ბადალი, რომელიც ნამდვილი მშვენიერებაა ქართული მწერლობისა; წაიკითხეთ მისი პოეტის ,,ფიცი” და თქვენ იგრძნობთ, რომ ეს მშვენიერი ქმნილება უმაღლესი გრძნობით არის გამსჭვალული და იმავე გრძნობისაგან ნაკარნახევი; წაიკითხეთ მისი ლექსები: ,,ჩემს სურათზედ”, ,,ჩემს რძალს ელეონორას”, ,,ქალები” და თქვენ დარწმუნდებით რომ მამია ნამდვილი პოეტია, როგორც ათასი სხვა, ამ სახელის ღირსი მისი შეცდომა მხოლოდ ის იყო, რომ ამ კარგის შემძლემ, ბევრი უნაყოფო და უფერული ლექსიც დაწერა.”
მამია გურიელი დაიბადა სოფელ ლესაში 1836 წლის 28 იანვარს. გურიელის სასახლე დიდი ზეიმით შეხვდა მემკვიდრის დაბადებას. თოფის სროლა, საჩუქრების გაცემა, სიმღერა და გალობა კვირაობით გაგრძელდა. ანბანის შესწავლა მამიას კარის ეკლესიის მღვდელმა გიგინეიშვილმა დააწყებინა. შემდეგ იყო ქუთაისის გიმნაზია, რომლის დამთავრების შემდეგ მამია თბილისში სამხედრო სამსახურში გადაიყვანეს. მისი სამხედრო სამსახური ლამის ციხით დასრულდა: რუსეთ-თურქეთის ომში მამია დანიშნეს გურიის ქვეითთა დრუჟინის უფროსად, რომელსაც მეთაურობდა ომის დასრულებამდე. როცა დრუჟინა დაიშალა გურიელს დააბრალეს უფლებების გადამეტება, ხარჯების უკანონო გაფლანგვა და მრავალის სხვა. სასამართლომ ის გაამართლა და იმპერატორმა კი ეს განაჩენი დაამტკიცა 1881 წლის 5 იანვარს.
დაე, იცვალოს გარემოება, თუნდ ხალხის ხმამაც მოგცეს ზიანი, თვით ნუ იცვლები!
მოვა დროება, გიცნობენ, რომ ხარ ადამიანი.
ცხოვრების მიზნად სიმართლე გქონდეს და სიყვარული მოძმეთა ვალად,
სამშობლო შენი მარად გახსოვდეს, თუ კი გსურს გახდე ადამიანად!
მამია სამსახურისადმი დიდ ინტერესს არასოდეს იჩენდა, ამიტომაც რაიმე მნიშვნელოვან წარმატების ვერ მიაღწია. პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილის სიტყვებით, მამია გურიელი ,,სამსახურში ოხრავდა და ხშირად დადიოდა გურიაში დროს გასატარებლად. დაიარებოდა თბილისშიაც…” თბილისის მაღალ საზოგადოებასთან დაახლოება მამიას არ გასჭირვებია – თავადური შთამომავლობა, გარეგნული სილამაზე, პოეტური ნიჭი, საუცხოო დეკლამაცია ადვილად უხსნიდა მამიას გზას არისტოკრატიული წრეებისაკენ. იგი მალე გახდა ამ საზოგადოების საყვარელი წევრი. ნადიმებსა და სალონებში მამიას გამოჩენას აღტაცებით ხვდებოდნენ. გალაკტიონ ტაბიძე წერდა: ,,ამბობენ, რომ ორთეოსის სულის ძალას შეეძლო აღფრთოვანებული რიტმით მოძრაობაში მოეყვანა ხეები და ქვები… ასეთი იყო თურმე მამია გურიელის მიერ წაკითხული ლექსების რიტმი”. 1868 წელს მან მელიქიშვილის ქალზე იქორწინა, თუმცა მათი ქორწინება უიღბლო და ტრაგიკული აღმოჩნდა. ცოლთან განშორების შემდეგ, პოეტის ერთადერთმა შვილმა კახაბერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რამაც დამღუპველად იმოქმედა გურიელზე.
სიცოცხლის ბოლო წლები მამიამ ქუთაისში სიღარიბეში გაატარა. ,,ის სვამდა ღვინოს, თუმცა ლოთი არ იყო. სვამდა მისთვის, რომ თავდავიწყებას მისცემოდა, რომ გალუცინაციებში შეჭრილიყო: შეიძლება იმიტომაც, რომ ამით მოესპო სიცოცხლე და ფორმალური თვითმკვლელობით გამოწვეულ სკანდალებს აცილებოდა, ვინ, იცის!” ასეა თუ ისე, ოზურგეთში ყოველ დღე იმართებოდა წვეულებანი, სადაც უზომოდ ისმეოდა ღვინო. თურმე ის სასტუმროში შეატანინებდა ტიკებით ღვინოს და თუ სტუმრები ბოლომდე არ დაცლიდნენ, მივარდებოდა და ტიკებს ხანჯლით ჭრიდა. ,,სმაი პირველი საქმეა, – იძახდა თურმე გურიელი. ალკოჰოლიზმისაგან და მძიმე სენისაგან დაუძლურებული პოეტი 1891 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ქუთაისში, წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში.
მამია გურიელი და მისი ძმები, გარდა იმისა, რომ ცნობილნი იყვნენ მთელ გურიაში როგორც საგალობლების უბადლო შემსრულებლები, გამორჩეულნი იყვნენ მახვილსიტყვაობით, ასევე გატაცებულნი ყოფილან ქართული, ევროპული, ბერძნულ-რომაული ლიტერატურით და ფილოსოფიით. ისინი თავის მსახურებსაც კი უკითხავდნენ და აზეპირებინებდნენ სხვადასხვა პოეტების ლექსებს, ხშირად პაექრობდნენ მწერალთა ნაწარმოებების ცოდნაში და აჯიბრებდნენ ერთმანეთს სტუმრებსა და შინაურებს. თავის ახლობლებს არქმევდნენ ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟების სახელებს. მამიას ერთი ძმა ისე იყო გატაცებული ანტიკური პერიოდის ლიტერატურით, რომ სახელი ალექსანდრე ტელემაქით შეიცვალა (ოდისევსის შვილის სახელი), ხოლო მის ერთადერთ ქალიშვილს იუნონა (იუპიტერის მეუღლე) დაარქვა სახელად. ტელემაქი ტანმორჩილი, კოხტა კაცი იყო. მუდამ ჩოხას ატარებდა. ქუდს არ იხურავდა, მის მაგივრობას უწევდა საუცხოო გრუზა თმა, რომელიც გვირგვინივით აჯდა თავზე. გარდა რუსულისა იცოდა ინგლისური და ფრანგული ენები. ,,ტელემაკი (გურიელი) კი დიდი მფარველი იყო ჩაგრული ინტელიგენციის, ლამაზიც გახლდათ, ფაფანაკს ატრებდა, რაც ძალიან უხდებოდა”, – იხსენებდა ექვთიმე თაყაიშვილი.
ცნობილი მარჯორი უორდროპი ასე გვიხატავს ტელემაქ გურიელის პორტრეტს: `…გურიელები იშვიათად იხურავენ ქუდს, რადგან კულულები ჯეროვნად იცავთ ზაფხულის სიცხისა და ზამთრის სუსხისაგან. მათ ძალიან ლამაზი, სწორი ნაკვთები და გულუბრყვილო გამოხედვა აქვთ, მაგრამ ამავე დროს, ინტელეგენტურები და ფიცხები არიან”. ვლასა მგელაძის მოგონებით, ლონდონის მეფის სასახლეში ყოფნისას ტელემაკის ,,შავი სუროსავით” თმას ,,მოთელილ ნაბადსავით” რომ ადგა თავზე, თურმე ხელით სინჯავდნენ – თმაა თუ არაო”.
სუფსაში ტელემაქისა და მისი მეუღლის ნინო ბერიძის ლიტერატურულ სალონში თავს იყრიდა იმდროინდელი მოწინავე ქართული ინტელიგენცია. ეს ოჯახი სტუმრობდა გურიაში ჩასული და-ძმა უორდროპებსაც.
ვლასა მგელაძის მონათხრობით, გურიელების და ივდითი მოსწონებია აკეთელ თავადს ყარამან თავდგირიძეს, მაგრამ მთავარმა არ ისურვა მასთან დანათესავება, რითაც თავდგირიძე უფრო მეტად გაახელა. ერთხელ ქრისტეს ამაღლების დღესასწაულზე გურიელები ჟორდანიებს ეწვივნენ ლანჩხუთში. იქ ასევე იმყოფებოდნენ გურია-სამეგრელოს თავადაზანაურობა, რომელიც ჯირითში იღებდა მონაწილეობას. დღესასწაულის დასრულების შემდეგ, ღამით, ყარამან თავდგირიძე აკეთელ მოკეთეებთან ერთად მიიჭრა ჟორდანიების სახლში და ივდითი მოიტაცა. მათ ლამის მთელი ლანჩხუთი დაედევნა, მაგრამ გამტაცებლებმა ტყეში შეასწრეს და გათენებისას აკეთის მაცხოვრის ტაძარში ჯვარი დაიწერეს. ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდა – ,,გურიელებმა გაბუტვა-ჩხუბს მოსაშვალე პირების შემწეობით შერიგება-მოყვრობა არჩიეს”.
ამჟამად, უმემკვიდრეოდ გადასულ ლანჩხუთელ გურიელთა მთელ მემკვიდრეობას წარმოადგენს ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ვახტანგ გურიელის ნაქონი ავეჯი, რომელიც გაჭირვების ჟამს ერთი ურმის შეშის ფასად მიუყიდია თანასოფლელ ძმებ გურგენაძეებისათვის, ასევე შემორჩენილია გურიელთა ფოტოები.
ირაკლი მახარაძე
ფოტოები “ივერიელის” არქივიდან