ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა კარგა ხანია, რაც სოფლის ცენტრალურ გზაზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძიმეწონიანი მაქანების, რომელთაც სოფლიდან ინერტული მასალა გააქვთ, გადაადგილების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ადგილობრივთა თქმით, ამ მანქანების ხშირი მოძრაობის გამო საფრთხე ექმნება და ზარალდება სოფლის მოსახლეობა.
„დიდი დაკვირვება არაა საჭირო, ერთი თვალის შევლებითაც თვალშისაცემია რა მდგომარეობაშია სოფლის მთავარი გზა. ამ მანქანების ხშირი მოძრაობის გამო სასმელი წყლის პრობლემაც შეგვექმნა. გაუსაძლისი მდგომარეობა გვაქვს, ავდარში მუხლამდე ტალახში ვიხრჩობით, სიცხეში – მტვერში. კარგად გვესმის, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს ხმარდება ჩვენი სოფლიდან გატანილი ინერტული მასალა, მაგრამ ამის სანაცვლოდ სოფელი ხომ არ უნდა გავანადგუროთ?! გაგონილა 21-ე საუკუნეში გზის და წყლის პრობლემა ქონდეს სოფელს?! როგორ შეიძლება ამ ისედაც გაუბედურებულ გზაზე მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა იარონ?! ამ მიხვეულ-მოხვეულ გზებზე ამხელა მანქანები ძვლივს დადიან, ხან გზაში უფუჭდებათ, ხან საბურავი უსკდებათ. ეს მანქანები ამ გზაზე მკვლელობის იარაღია. რა დავაშავეთ სოფლის მაცხოვრებლებმა, ქუჩაში ვერ უნდა გავიაროთ?! არაერთხელ ვთქვით ხმამაღლა ჩვენი სატკივარი, მაგრამ შედეგი რა?! ისედაც დაცლილია მოსახლეობისგან სოფელი და გზა და წყალი თუ არ გევქნა, ვიღა გაჩერდება აქ?! სიმინდიც ვეღარ დაგვიტესია ხეირიანად, ქვიშითაა სავსე საყანე ფართობები“, -ამბობს ამაღალი მტვირთაომწეობის მანქანების გადაადგილებით შეწუხებული აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა.იმისთვის, რომ აქაური სოფლები გარე სამყაროს არ მოწყდეს ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითხოვენ.
აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით სასაუბროდ აკეთის მოსახლეობას მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესო ტაბიძეც შეხვდნენ. შეხვედრისას ადგილობრივებმა შიდა მიმოსვლის გზებისა და სასმელი წყლის მილების დაზიანებაში ჩინური კომპანიას „სინოჰიდროს“, რომელსაც ავტობანის მშენებლობისთვის სოფლიდან ინერტული მასალა გააქვს, დასდეს ბრალი.
მოსახლეობასთან შეხვედრის პარალელურად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ზემონახსენები კომპანიის წარმომადგენლებსაც ესაუბრა და მოსახლეობის მხრიდან მათი მისამართით გაჟღერებული ბრალდებები გააცნო. მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ინფორმაციით, მერმა „სინოჰიდროს“ წარმომადგენლებისგან მიიღო პირობა, რომ უახლოეს დღეებში გზის რეაბილიტაცია და წყლის მილების შეკეთება მოხდება.