ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და ქალაქ ოზურგეთის მერიაში, ასევე, საკრებულოებში დასაქმებული საჯარო მოხელეები, მუშაობის გასაგრძელებლად გასაუბრებას გაივლიან. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გასაუბრებას სპეციალურად შექმნილი კომისია ჩაატარებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, ვინ იმუშავებს ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტში და ვინ _ არა. დადგენილების მიხედვით, აღნიშნული პროცესი უნდა დასრულდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
ფაქტობრივად, ერთ თვეში ოზურგეთში პროფესიული საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიაც უნდა შეიქმნას, კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა დამტკიცდეს, გასაუბრებაც უნდა დამთავრდეს და საჯარო მოხელეებიც უნდა შეირჩეს.
საინტერესოა, შექმნილია თუ არა ეს კომისია, ვინ არიან თავმჯდომარეები, ამ კომისიის წევრები და რა პრინციპით შეირჩევიან საჯარო მოხელეები.
კომისია ეყოლება როგორც ოზურგეთის გამგეობას, ასევე ქალაქ ოზურგეთის მერიას და საკრებულოებს, კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატურები, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის უკვე წარდგენილია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი “გურია ნიუსთან“ განმარტავს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 7 სექტემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შემდგომში სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დამტკიცებისათვის, „2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის #417 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარუდგინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში) სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი სპეციალისტი _ სოფიო სალუქვაძე. ყაზაიშვილის თქმით, აღნიშნული კანდიდატურის დამტკიცების შემდგომ კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას, ხოლო კომისია პროფესიული საჯარო მოხელეთა შეფასებებს ახდენ ზემოთ აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული პრინციპების დაცვით.
როგორც ყაზაიშვილი აღნიშნავს. კომისიაში, დაახლოებით, 5 წევრი იქნება:
“მათ შორის, არასამთვარობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ასევე, ადამიანური რესურსებისა და მართვის სამსახური. ეს მოხდება გარდამავალ პერიოდში _ 2017 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში. იმისათვის, რომ ახალარჩეულმა მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გადაიყვანოს ახალ შექმნილ მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელე, მათ უნდა ჰქონდეთ რეალური სურათი, რომ თანამშრომლები არადისკრეციულ გარემოში იყვნენ და თანაბარი შანსი ჰქონდეთ. სამსახურის უფროსებსაც ეხებათ შეფასება, ამიტომ ვერ იქნებიან კომისიის შემადგენლობაში , მაგრამ იძულებული ვართ, რომ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ჩავრთოთ, ეს არის მარი ქერქაძე“, _ ამბობს ყაზაიშვილი.
რაც შეეხება სოფიო სალუქვაძის კანდიდატურას, პროფესიული საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს, რომ სოფიო სალუქვაძე მისი პირადი კანდიდატია და მას საკონკურსო კომისიაში სამწლიანი გამოცდილება აქვს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, დღეს არსებული მდგომარეობით, 101 პროფესიული მოხელეა, რომლებმა უნდა გაიაროს გასაუბრება. აქ არ შედიან ის ადამიანები, რომლებიც ხელშეკრულებით არიან აყვანილი, თითოეულ მათგანს ხელშეკრულებაში უწერიათ, რომ ისინი იმუშავებენ ახალარჩეული მერის უფლებამოსილების ცნობამდე. ახალარჩეულ მერს კი შეუძლია, გაუგრძელოს ან არ გაუგრძელოს მათ ხელშეკრულება.
“გასაუბრებას ყველა გაივლის, თუმცა, შეფასება იქნება სამი კრიტერიუმით, კომისია დაწერს თავის ოქმში კანდიდატზე ძალიან კარგ შეფასებას, კარგს და არადამაკმაყოფილებელს. ახალარჩეული მერი დაიდებს წინ კომისიის ოქმს და ამის მიხედვით შეარჩევს კანდიდატს ამა თუ იმ თანამდებობებზე.
მუნიციპალიტეტებს ჰყავს ორი საბიუჯეტო სამსახურში უფროსი, ან ადმინისტრაციული, ან იურიდიული, მათ შეიძლება რომ კარგად გაიარონ გასაუბრება, თუ კარგი და ერთნაირი შეფასება ექნებათ, ეს უკვე მერის დისკრედიტაციული უფლებამოსილებაა. ანუ მას აქვს უფლება, რომ რამდენიმე კარგი ვარიანტიდან შეარჩიოს საუკეთესო“, _ამბობს არჩილ ყაზაიშვილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას განცხადებით, კომისიის თავმჯდომარის პოსტზე გუბერნიის თანამშრომლის ნანა ჯახუტაშვილის კანდიდატურა წარუდგინა ინფრასტუქტურას; ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის ნინო გოგუაძის განცხადებით, აღნიშნულ პოსტზე ლელა ნაცვალაძის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ მათ მინდია სალუქვაძის კანდიდატურა წარადგინეს.