ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მხრიდან მიღებულ განჩინებას ეხმაურება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ორგანიზაციის საკასაციო საჩივარი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიმართ, ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების“ საქმეზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ ერთმნიშვნელოვნად სახიფათო პრაქტიკა შექმნა, როდესაც საჯარო უწყებებს ადმინისტარციული სამართალწამოების პროცესში, უფლება ექნებათ, დასაბუთების გარეშე, სხდომაზე არ დაუშვან საკითხის განხილვით დაინტერესებული პირები.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლომ განიხილა ორგანიზაციის საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი გახლდათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობა. ორგანიზაციამ გაასაჩივრა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის ადმინისტრაციულ სხდომაზე ჩადენილი ქმედება. ცესკო–მ ადმინისტრაციულ სხდომაზე, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს, მოულოდნელად, დარბაზიდან გააძევა ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მთავარი იურისტი და იურისტი. ორგანიზაციის თანამშრომლები, კანონის თანახმად, წარმოადგენდნენ დაინტერესებულ პირებს და სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას ახდენდა მათ ინტერესებზე. შესაბამისად, ორგანიზაციამ საერთო სასამართლოებს მიმართა, სადავო გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საჯაროობის პრინციპის უზრუნველყოფის დარღვევა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თავიანთ გადაწყვეტილებებში, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარღვია კანონი და არ უზრუნველყო ადმინისტარციული სხდომის საჯაროობის კონსტიტუციური პრინციპის დაცვა. მიუხედავად სასამართლოების ასეთი მიდგომისა და მსჯელობისა, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების მიუხედავად, ბათილად არ იქნა ცნობილი ცესკო–ს სხდომაზე მიღებული განკარგულება. სასამართლოების პოზიცია დაეფუძნა ერთადერთ გარემოებას, რომ დარღვევის მიუხედავად, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შეძლო საკუთარი პოზიციების დაცვა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობაც, რაც პირდაპირ ეწინააღდმეგება ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილ სამართალწარმოების პრინციპებსა და მათ საჯაროობის საკითხს. ქვემოდგომი ისტანციის სასამართლოების მსჯელობა გაიზიარა საკასაციო სასამართლომ, რომელმაც დამატებით აღნიშნა, რომ საჭირო იყო უფლების დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ სარჩელით მიემართა თავად ორგანიზაციის იმ თანამშრომლებს, რომელთა სხდომაზე დასწრება შეეზღუდათ. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სწორედ დაინტერესებული პირების სამართლებრივი პრეტენზიები უნდა წარდგენოდათ სასამართლოს და საკმარისი არ გახლდათ მხოლოდ ორგანიზაციის სარჩელი. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ სხდომაზე მიღებული აქტების ბათილად ცნობის არსებითი საფუძვლები არ გამოკვეთილა, ვინაიდან ადმინისტრაციულ სხდომებზე საჯაროობის პრინციპის დარღვევის ხარისხს არსებითად არ შეულახავს პროცესით დაინტერესებული პირების ინტერესები.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებების მიუხედავად, კვლავ მაღალ საჯარო დისკუსიის საგნად რჩება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ საგრანტო პოლიტიკა. სწავლების ცენტრის საქმიანობა არ არის გამჭვირვალე და საგრანტო პოლიტიკა დაფუძნებულია ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებზე, რაზედაც კვლევა და საზოგადოებრივი მონიტორინგი გაგრძელდება. ორგანიზაციის გადაწყვეტილება, დაეწყო დავა ცესკო-სა და სწავლების ცენტრის მიმართ, მოეხდინა პრობლემების საჯარო განხილვა და საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია საგრანტო პოლიტიკის ჩრდილოვანი მხარეების თაობაზე, ნაკარნახევი გახლდათ ცენტრის საქმიანობის და საჯაროობის მიმართ არსებული ლეგიტიმური პრეტენზიებით. სასამართლოების გადაწყვეტილებების მიუხედავად, ორგანზიაციის მხრიდან წარმოჩენილი პრობლემები, კვლავ უცვლელია და მოუგვარებელი. ფაქტები, რომლებზედაც სასამართლოებმა იმსჯელეს და ცალსახად დამრღვევად მიიჩნიეს ადმინისტარციული ორგანოები, მოითხოვს პრობლემის ინსტიტუციურ გააზრებას და არა – წახალისებას.
ამასთან, სასამართლო ნამდვილად, ერთმნიშვნელოვნად და არსებითად ახალისებს საჯარო უწყებებს და ადმინისტრაციულ ორგანოებს, ვინაიდან საკასაციო გადაწყვეტილების პირობებში, საშუალება ეძლევათ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესის საჯაროობა ხელყონ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში არ დაუშვან კანონით დაშვებული დაინტერესებული პირები და მოახდინონ მათი საჯარო სხდომიდან გაშვება, რაც შემდგომში განიმარტება ასეთი საჯარო უწყებებისა და ადმინისტრაციული ორგანოების დისკრეციულ უფლებამოსილებად. სამწუხაროდ, სასამართლოებმა საჯაროობის კონსტიტუციური პრინციპის ხელყოფის ლეგიტიმური საფუძველი შექმნეს და მათი გადაწყვეტილებებით, მთლიანად საზოგადოების კანონიერი ინტერესები დგას საფრთხის ქვეშ. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე მაია ვაჩაძემ მიიღო.