1846 წლის 6 ნოემბრის დილას, საათის ათზე, ალექსანდრე ჭავჭავაძე გაემზადა ვორონცოვთან წასასვლელად. რაღაც დღეობა იყო და მისალოცავად წასვლა ურჩია მისმა მეუღლემ.
,,მშვენიერი ყარაბაღული ცხენი შეაბა მის ,,ადინაჩკას“ (ერთკაციანი ეტლი) ქუჩერმა (მეეტლე) და ალექსანდრე დაეშვა პარადის ფორმით მორთული ჭავჭავაძის ქუჩით. როცა ის დაუხლოვდა გოლოვინის პროსპექტს, უეცრივ ერთმა დედაკაცმა სახლიდან საპნიანი წყალი გამოიტანა და ქუჩაზე გადაღვარა, სწორედ იმ დროს, როდესაც იმას გაუსწორდა ალექსანდრეს ეტლი. ცხენი დაფრთხა, წაართვა თავი ქუჩერს. შეშინებულმა ქუჩერმა მოსძახა ალექსანდრეს: ,,კნიაზო, მე ამის დაჭერა არ შემიძლია, თავს უშველეო“. _ ალექსანდრემ იფიქრა ქუჩრის მიშველება, წამოიწია და რომ უნდა სწვდომოდა აღვირს, მისი გრძელი შინელის მარჯვენა კალთა მოჰყვა ბორბალს და ზედ დაეხვია, ფეხზე წამომდგარი ალექსანდრე ძირს გადმოაგდო. ეს გადმოვარდნა სასიკვდილო შეიქმნა, დაეცა თავით. გრძნობამიხდილი ალექსანდრე შეიყვანეს სახლში საცა ცოტა ხანი იცოცხლა. ის მოკვდა იმავე ღამეს.
სიკვდილის წინ ვორონცოვმა თავისი მეუღლით ინახულა ავადმყოფი. რამდენიმე დღის შემდეგ თბილისმა დიდი პატივისცემით დამარხა ის. მთელი მოქალაქეობა თავისი ამქრებით და ბაირაღებით გაჰყვა მას საუკუნო განსასვენებელთან”, – ავტორი იონა მეუნარგია.
თბილისში 1906-1914 წლებში გამომავალი გერმანული გაზეთი ,,კაუკაზიშე პოსტი” (1908, #37) წერდა: ,,…თბილისს, რომლის მცხოვრებნი ესოდენ უჩივიან უფულობას, უყვარს გართობა და დროსტარება. არამარტო კლუბები, თეატრები, ცირკი და კინემატოგრაფის დარბაზებია ყოველ საღამოს გადაჭედილი, არამედ რესტორნები და ლუდხანებიც”. მაშინ მაღალი წრის წარმომადგენელი ქალბატონები უზარმაზარი შლაპებით დაბრძანდებოდნენ კინოში, რომელსაც არ იხდიდნენ, რაც უკანა რიგების უკმაყოფილებას იწვევდა, რადგან შლაპა მთელ ეკრანს უფარავდა. ადმინისტრაციის მხრიდან სხვადასხვა მოწოდების მიუხედავად მანდილოსნები მაინც განაგრძობდნენ შლაპებით ფილმების ყურებას, სანამ ერთმა მოხერხებულმა კინოთეატრის მფლობელმა განცხადება არ გამოაკრა: ,,ახალგაზრდა ქალბატონებს გთხოვთ კინოთეატრში თავსაბურავები მოიხადეთ”, განცხადებამ გასჭრა.
თვითნასწავლი მხატვარი კარაპეტ გრიგორიანცი გვამცნობს: ,,თუ არ ვცდები, 1880 წელს ადესიდან ჩამოსულ ურიებმა სასტუმრო გრანტოტელის ქვეშ ერთი თვალი მაღაზია დაიქირავეს და აქეთ იქით განცხადება გააკრეს, რომ ამა და ამ დღიდან ამა და ამ ადგილას შეგიძლიათ პირადად ინახულოთ ერთი იშვიათი გასაოცარი ქალი, რომელსაც ნახევარი არშინი წვერი აქვს. რომელიც დამტკიცებულია ადესელი ექიმების შემოწმებული და დამტკიცებული ქაღალდებითა. ამგვარმა იშვიათმა ამბავმა მთელი საზოგადოება მიიზიდა და მოხიბლა, ეს საქმე იმით იყო გასაოცარი, რომ გავლილ საუკუნოებშიაც არსად არა თქმულა და არც გაგონილა, არც სადმე წერებულა. გარდა ამისა შემსვლელთაგანს თუ სდომნოდა ქალის ასოს გასინჯვა, უნდა 100 მანეთი მიეცა და გაესინჯა. საუბედუროთ, ჩვენი ქალაქის ხალხი მხოლოდ იმათს დაკუმენტების წაკითხვით ირწმუნებდა, რომ ნამდვილათ ქალია. ეს ურიები მთელს წლის განმავლობაში დიდი ძალი ფული შეაქუჩეს და ისევ ადესაში დაბრუნდნენ. ერთს მშვენიერ დღეს, როდესაც ის ქალი დამთვრალა და ერთს ბაღში ჩასძინებია, უნახავთ, რომ ეს შემოწმებული ქალი არის ნამდვილი ვაჟკაცი”.