„ნაციონალებისა“ და პატრიოტების“ რამდენიმე თვის წინ დაანონსებული ტანდემი ლანჩხუთის საკრებულოში, ბოლოს და ბოლოს, შედგა და 2018 წლის ბიუროს პირველსავე სხდომაზე სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ვერიკო კვირკელიამ დამსწრეებს დადებითი დასკვნა გააცნო ახალი ფრაქციის „ლანჩხუთელები ძლიერი თვითმმართველობისათვის“ შექმნის თაობაზე.
ლანჩხუთის საკრებულოში, სადაც 32 სადეპუტატო მანდატიდან ოპოზიციას მხოლოდ ხუთი აქვს (ორ-ორი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, ერთი კი „პატრიოტთა ალიანსი“). ახლადშექმნილ ფრაქციაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით გასულ კახა ასკურავასთან და სოსო ჩხაიძესთან ერთად „პატრიოტი“ ლელა ჩახვაძე გაწევრიანდა. თუმცა, ვინ ჩაუდგება სათავეში აღნიშნულ ტანდემს, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა.
„ეს ფრაქცია არ არის პარტიულ კუთვნილებასა და შეხედულებებზე ორიენტირებული, ჩვენი წესდება და პლატფორმა გათვლილია მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, მხოლოდ ადგილობრივი პრობლემებისა და საკითხების გადაჭრის მიზნით. ფრაქციის შექმნის მიზანია, ოპოზიციას ადგილი ჰქონდეს ბიუროში, რაც ზემოქმედების მეტ ბერკეტსა და შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება, თუ ვინ იქნება ფრაქციის თავმჯდომარე, ჯერჯერობით, ამაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბარში კახა ასკურავამ.