დღეს, დილიდან, ოზურგეთში, თხილის ჩასაბარებელი ფასი 2,80 ლარია. ზოგან 2,70 ლარად იბარებენ. სოფლიდან ჩამოსული ადამიანები შედარებით მაღალ ფასად ჩაბარებას ცდილობენ და თხილის მიმღებ პუნქტებში, ვიდრე ჩააბარებდნენ, ფასს კითხულობენ.
_ორ-სამ დღეში, შესაძლოა, ხვალაც, სამ ლარად ჩაიბარონ. ძალიან გვიკვირს, რომ ახლა ეს ფასი აქვს ახალ თხილს. გასაკვირი კი არაფერია, თუმცა ბოლო 5-6 წლის მანძილზე მაინც, ამ დროს ეს ფასი არ ყოფილა. ამბობენ, თურქეთი არეგულირებს ფასს და მაინც კარგია. ისე კი , ორჯერ მეტიც რომ ღირდეს, გასაკვირი რაა? შეხედეთ ფასებს, _ გვეუბნება ქალბატონი ლელა ლომჯარია, რომელმაც ათი კილოგრამი თხილი ჩააბარა და თან გვითხრა, ორი დღეა, ვარჩევთ მტელი ოჯახი. კარგად არ შორდება ქეჩხოს, ძალიან ნედლიაო.
_საგანგებოდ შენახული შარშანდელი თხილი, ამ გაზაფხულზე სამ ლარად ჩამაბარებინეს ერთი კილოგრამი. არ ჰქონდა მეტი ფასი. თუ მისაღები ფასი გაიზრდება, მაგას რა სჯობს. მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით. ბაზარია, თან უამრავი პრობლემა არსებობს, – გვითხრა ცნობილმა ფერმერმა აკაკი ღლონტმა.
როგორც თხილის მიმღებ პუნქტებში მომუშავე ოპერატორები ამბობენ, ფასი სწრაფად იზრდება. ამ დღეებში , შესაძლოა სამ ლარსაც გადააჭარბოს.
აღსანიშნავია, რომ ჯერ თხილს გატეხვის და არსებული პრიმიტიული გამოანგარიშების გარეშე იბარებენ.
ვრცლად თხილის ფასის და არსებული პრობლემების შესახებ, მალე გიამბობთ „გურია ნიუსში“.
ავტორი