ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე განსაკუთრებით, წინასაახალწლო ბაზრობის ხმაური პიკს აღწევს.
ყველაზე მთავარი, რასაც აქ მოსიარულეები მიიჩნევენ, პირბადით სიარულია.
_რა გნებავთ? რაც მთავარია, დიდიან-პატარიანად ყველას პირბადე უკეთია. რა ქნას ხალხმა, ყველა გადარბენაზეა, მთავრობასავით არხეინად კი არაა. არიან მილიონებში წამოკოტრიალებული და რათ უნდებიენ ახალი წლის წინ დღეს ბაზარში გასვლა, _ შემოგვწყრნენ და უპასუხოპდ დაგვტოვეს ქალბატონებმა, რომლებსაც ვკითხეთ, როგორ აპირებდნენ ახალი წლის შეხვედრას.
გურიის ქუჩის დასაწყისში, ე.წ. „ბირჟაზე“ ბოშებს , ტრადიციულად, ტანსაცმლით მოფენილი აქვთ მთელი მოედანი.
გურიის ქუჩის ორივე მხარეს ბლომად აქვთ გამოტანილი მანდარინი, რომლის რეალიზაციაც წელს კარგად არ მოხერხდა. ყველაზე გულსატკენი სანახავი მაინც იმ გლეხების მდგომარეობაა, რომლებიც გასაყიდად გამოტანილ მანდარინთან ჩაფიქრებული სხედან.
_კი წამოვიღე, მაგრამ ვინ ყიდულობს? გურიაში ვის უნდა ახლა მანდარინი. ასში ერთიც არ იყიდის, დილიდან აქ ვზივარ და ხუთი კილო გავყიდე მხოლოდ, _ სევდიანად გვითხრა ერთ-ერთმა მამაკაცმა.
ახალი წელი მოდის, ნებადართულია ეს ვაჭრობა. ქუჩა გადაკეტილია, რომ ხალხმა კარგად იმოძრაოს. პოლიციაც დადის დღის განმავლობაში. მეტი რა ვქნათ? _ გვეუბნებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები.