სწავლობს თუ არა სახელმწიფო აუდიტი ოზურგეთში სახელისუფლებლო სტრუქტურების საქმიანობას, რატომ გაჭიანურდა ოზურგეთის მერიაში საკადრო ცვლილებები, რატომ დატოვა შემოსავლების სამსახურის აჭარის მონიტორინგის უფროსის პოსტი _ამ და სხვა კითხვებზე ოზურგეთის მერის ახალდანიშნული ვიცე მერი ალეკო სურგულაძე გვპასუხობს და თანაც გვასწავლის, რაზე უნდა ვწეროთ ჟურნალისტებმა და რაზე _ არა.
ალეკო სურგულაძე, როგორც თავად ამბობს 1990 წლიდან იწყებს ფინანსთა სამინისტროში საქმიანობას, 1999 წლიდან ფინანსთა სამინისტროს ოპერატიულ სამსახურში გადადის, შემდეგ ფინანსურ პოლიციაში და საგამოძიებო სამსახურში მუშაობს. მისივე თქმით, 2011 წლამდე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს ოპერატიულ სამსახურში. ამის შემდეგ ისევ ამ სისტემაში საბაჟო პუნქტის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის უფროსად; 2017 წლიდან დღემდე კი, აჭარის შემოსავლების სამსახურში მონიტორინგს უფროსი იყო.
_ ბატონო ალეკო, ტოვებთ სამსახურს და მოდიხართ ოზურგეთში?
_ აქ პასუხი მარტივია _ იყო შემოთავაზებები და საინტერესო გამოწვევები მერისგან. იყო ჩემი გადაწყვეტილება და მერის ბრძანება.
_ საუბრობენ იმაზე, რომ თქვენ რამდენიმე თვეში გახდებით მერის მოვალეობის შემსრულებელი…
_ სიმართლე გითხრათ, ჭორებს ნაკლებად ვუსმენ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დოზით მეც მსმენია ამის შესახებ. მოდის ჩემამდე ეს ამბებიც _ ოზურგეთი პატარაა. ჩემი დამოკიდებულება და კონცენტირირება არის ის, რომ ვემსახურო რაიონს და ვაკეთო საქმე.
_ ანუ, არ გამორიცხავთ გახდეთ მერის მოვალეობის შემსრულებელი?
_ ვერ დაგეთანხმებით.
_ ბატონო ალეკო, დგას თუ არა თქვენს უკან ხელისუფლების რაღაც ნაწილი, ადამიანების ჯგუფი, რომელმაც თქვენი ვიცე-მერად დანიშვნა გადაწყვიტა?
_ ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი.
_ ანუ, პირადად თქვენი გადაწყვეტილება იყო?
_ ვიმეორებ _ ჩემს უკან არის ჩემი ოჯახი და მე მიყვარს ოზურგეთი.
_ ბატონო ალეკო, ოზურგეთის ახალარჩეული მერი კონსტანტინე შარაშენიძე არ არის “ქართული ოცნების” წევრი. მისი პარტიიდან გარიცხვის ძირითადი მოტივი, როგორც მაშინ პარტიაში გვითხრეს, იყო ის, რომ „შეხვედრებზე დადიოდა და ამბობდა, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად, პოლიტსაბჭომ მისი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო“. აქედან გამომდინარე, ოპოზიციურ მერად აღიქმება და ამის გამო, არ ფიქრობთ, რომ ბევრ კომპრომისზე მოგიწევთ წასვლა?
_ ვინ რას ამბობს, არ მაინტერესებს; რაც შეეხება კითხვის შინაარსს, მისაღებია _ ის პერიოდი, რაც მე დამჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად, ეს იყო სწორედ. ზოგად ნაწილში მე არ მიფიქრია ამ ინტრიგებზე; ჩემი ფიქრი ის იყო, რამდენად შევძლებდი საკუთარი თავის რეალიზებას არსებულ პოზიციაზე _ აქ იყო საინტერესო გამოწვევა.
_ თქვენი სახელი და გვარი პოლიტიკურ თანამდებობებზე თითქმის ყველა არჩევნებზე ჟღერდება. ანუ აისრულეთ მიზანი?
_ ვერ დაგეთანხმებით, ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა ამ თანამდებობაზე მოსვლა. ჩინოვნიკი ვიყავი წლების განმავლობაში, მაგრამ ამ პოლიტიკური თამაშებში არასდროს არ ვყოფილვარ ჩართული; თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკისთვის მზად არ ვარ. ხვალინდელი დღე დაგვანახებს, ვარ თუ არა პოლიტიკური თანამდებობს პირი. იმ ინტრიგებს და გამოწვევებს რაც შეეხება, ეს ხვალინდელი დღეა და ყველაფერს დაინახავს საზოგადოება და პოლიტიკური ფიგურები. ეს არის გამოცდა.
_ მერიაში, ა(ა)იპ-ების რეორაგნიზაციის საკითხი ძალიან გაიწელა, მერს სოფლებში კვლავ არ ჰყავს წარმომადგენლები, რამდენიმე სამსახური უფროსებისა და თანამშრომლების გარეშეა მიუხედავად იმისა, რომ კონკურსების ჩატარება, კარგა ხანია, დაანონსდა. ხელოვნურად ხომ არ ჭიანურდება პროცესი?
_ ვერ დაგეთანხმებით. პროცესი მიმდინარეობს, რაც მოითხოვს დროს _ ლიკვიდაცია, შერწყმა, ახალი დებულებები და ასე შემდეგ. სამართლებრივი საკითხებია მოსაგვარებელი, დავალიანებებია გასასტუმრებელი. აქ ინტრიგების თემა არ არის, რა. კი, ბატონო, გაიწელა, მაგრამ პროცედურა მიდის ეტაპობრივად. ატესტაციების, კონკურსების გამოცხადებას, მთავრობიდან თანხმობას ველოდებით. ჩვენგან ყველაფერი გადაგზავნილია. აქ არ არის არც საბოტაჟი, მუშა პროცესია ჩვეულებრივი. ა(ა)იპ-ებში, სავარაუდოდ, შემცირებებიც იქნება.
_ როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ოზურგეთის მერის მიერ, მისი სიძისთვის ბიუჯეტიდან გადარიცხული 30 000 ლარის საქმეს სუს-ი სწავლობს. რა ხდება ამ თემასთან დაკავშირებით?
_ მიმდინარეობს გამოძიება. ადამიანები ისედაც დაღლილები და გაღიზიანებულები არიან ყოველდღიური გაჭირვებით, ამდენი უბედურება ხდება ყოველდღიურად. შეიძლება, ადამიანების გარკვეული კატეგორიები იკვებებიან ამ ბოროტების სმენით, იღებენ რაღაც მუხტს და არიან ანგაჟირებულები. მაგრამ, ჩემი მეგობრული რჩევაა, რომ ასე ყოველი ინფორმაციის გაჟღერება არ არის საჭირო. შევიდა მერიაში სუს-ი, რომელიც არის ჩვეულებრივი საგამოძიებო ორგანო. თუ ვინმეს დაკითხავს ან დოკუმენტს იღებს, ესეც პროცედურა.
_ ანუ, თქვენ გვირჩევთ “მეგობრულად”, რომ საზოგადოებას ინფორმაცია არ მივაწოდოთ?
_ ერთხელ ხომ მიაწოდეთ, რომ გამოძიება დაწყებულია და ვაცალოთ. ყველა დეტალის წერა რა საჭიროა?! ვაცალოთ გამოძიებას და მალე ყველაფერი გახდება ნათელი. მე არც მოსამართლე არ ვარ და არც გამომძიებელი. ვაცალოთ ანტიკორუფციულ სამსახურს _ არ გვინდა წინასწარი დასკვნების გამოტანა.
_ სწავლობს თუ არა სახელმწიფო აუდიტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების ბოლო წლების საქმიანობას?
_ ვიცი, რომ შესაბამისი ბრძანება არსებობს, მიმდინარეობს შესწავლა, დარიგებულია შესაბამისი ფორმები და საფინანსო სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ.