ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ასპინძის გზაზე, სოფელ რუსთავთან. ამის შესახებ ინფორმაციას “მეცხრე არხი” ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა. შეჯახების შემდეგ, სამგზავრო “მარშუტკა” გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა სამარშრუტო ტაქსის სამი მგზავრი, მათ შორის მცირეწლოვანი. სამი წლის ბავშვი კლინიკა “იმედში” შეიყვანეს.
“სერიოზული არაფერია, რჩება ექიმების დაკვირვების ქვეშ”, _ განაცხადა კლინიკურმა მენეჯერმა მზია კაკოშვილმა.
სასწრაფო დახმარებას შემთხვევის ადგილზე სამი დაშავებული დახვდა, ერთ-ერთს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, მეორემ სამედიცინო მომსახურებაზე უარი განაცხადა, მესამე დაშავებული კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის თქმით, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
“ზრდასრული პირია. საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება, კვლევები უტარდება, რა გამოიკვეთება მერე გამოჩნდება”, _ ამბობს რევაზ კუჭუხიძე.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.