“ასეთი რამ ოზურგეთს არ ახსოვს! “, “არ გვგონია, რომელიმე ქალაქში ასეთი მდგომარეობა იყოს!”, “დაგვიდექით გვერდით! ჩვენ ძაღლებს სულ ვაჭმევთ, თუმცა, შვილებიც გვყავს სარჩენი!”, “ვინმემ ცხოველის სიძულვილი ან რაიმე ფობია არ დაგვაბრალოს!” _ ასეთი და კიდევ მრავალი მოთხოვნით “გურია ნიუსს” ოზურგეთელ მოქალაქეთა ჯგუფი ეწვია, რომელთა შორის უმეტესობა ადგილობრივ ბაზარში, მარკეტებში ან გარე ვაჭრობით არის დაკავებული.
მიუხედავად იმისა, რომ “გურია ნიუსი” არა ერთხელ წერდა ამ პრობლემის შესახებ და ასევე, არა ერთ უწყებას მივმართეთ, მდგომარეობა, ჯერჯერობით, კი არ გაუმჯობესდა, პირიქით, უარესობისკენ წავიდა _ ოზურგეთის ქუჩებში, სკვერებში, თავშეყრის ადგილებსა თუ სადარბაზოებში მუდამ ნახავთ ძაღლებს, რომელთა შორის არა ერთმა ბავშვი თუ ზრდასრული მოქალაქე დაკბინა; ბევრი დაავადებული და გამხდარი ძაღლი კი იერით ისე გამოიყურება, კვებაზე უფრო მკურნალობა ესაჭიროება და მრავალმხრივ საფრთხეს წარმოადგენს გამვლელ-გამომვლელთათვის.
ამ მდგომარეობის გამო, განსაკუთრებით, ბავშვების პატრონები წუხან:
_ არ მითხრას ვინმემ, რომ ძაღლისთვის პურის მიწოდება მენანება. თუმცა, დილიდან გამოსული ვარ და სახლშიც ხომ უნდა წავიღო რამდენიმე პური ჩემი ნავაჭრით?! რას ვაშავებ?! მთავრობას ხო არ ვაწუხებ, შენ მარჩინე,-მეთქი. აგერ ვზივარ და ვწვალობ. გაგვაგებინონ, ამ საქმეს ეშველება? უკვე ჯოხით დავდივარ, რომ მოვიგერიო ძაღლები. რაც მეტი ვაჭამე, მეტად მომადგნენ. რასაც ამ ქუჩაში ჯდომით ვივაჭრებ, ამ ძაღლებს ვაჭამო? გაგვაგებინონ, ამდენი გრანტი რომ იხარჯება ძაღლების მოვლა-პატრონობისთვის, სად მიდის? პასუხს ველით, თუ არადა, იძულებული ვართ, ორგანიზებული აქცია მოვაწყოთ. საქმე ისე წავიდა, მგონი, მთავრობას ჩვენზე უფრო ძაღლების დარდი აქვს და ჩვენ ხარჯზე არჩენენ, _ გვეუბნება ქეთევან თალაკვაძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც “გურია ნიუსს” განცხადებით მომართა.
_ ბაქტერიის მატარებელი უამრავი ძაღლი დადის. არის რამდენიმე, შეხედვა შეგეშინდება _ ნახევრად გატყავებული, ქეცით დაავადებული. რამდენი შემთხვევაა, როცა გარევაჭრობის ადგილებში, ყუთებით დადგმულ ბოსტნეულს თუ ხილს ძაღლები აშარდავენ. ასეთი რამ ოზურგეთს არ ახსოვს. აქ დავბერდი. ან საიდან მოდის ამდენი ძაღლი, იქნებ, ეს გაარკვიონ. 25 წელია აქ ვვაჭრობთ და ასეთი რამ არ გვინახავს, თორემ თითო-ოროლა ძაღლი სულ დადიოდა ქუჩებში, _ გვეუბნება გარემოვაჭრე ჟუჟუნა ბორჩხაძე.
გარემოვაჭრე მარიკა ტივაძე: “ქალბატონმა ნავაჭრით სავსე ჩანთა წამიერად დადო და რაღაცის საყიდლად მიბრუნდა. ძაღლი უცებ ეცა ჩანთის ზედაპირზე დადებულ პურს და გაიქცა. მობრუნდა შეწუხებული მოხუცი და ლამის იტირა _ ძლივს ვივაჭრე რაღაცეები და პურის ფულიც აღარ მაქვს, ხელახლა რომ ვიყიდოო. ეს საქმეა? რას შველის ჩვენი ყვირილი? არაფერს. წაიყვანენ, მერე მოიყვანენ ისევ და დაგვისკუპებენ წინ. გვიშველეთ, რაღაც მეტად იმოქმედეთ, თორემ უახლოეს პერიოდში აქციას დავგეგმავთ. სხვა გზა არ გვაქვს, _ წუხს ქალბატონი ჟუჟუნა.
ბაზარში მომუშავე ადამიანები ამბობენ იმასაც, რომ აქ, ღია ცის ქვეშ, ხშირად იყიდება მალფუჭებადი პროდუქტი:
“აქ იყიდება, მაგალითად, ახალდაჭერილი თევზი, რძე და რძის ნაწარმი. არის შემთხვევა, ძაღლი თევზს ყნოსავს ან საჭმელად ეტანება. მისგან ტუჩდადებული პროდუქტი კი მერე იყიდება. ეს არის სახიფათო მდგომარეობა. კოკა წყალს სულ არ მოიტანს”, _ ამბობენ ისინი.
ოზურგეთის ბაზრის (შპს “სოფლის ნობათი”) დირექცია აცხადებს, რომ ბაზარში უკვე დაიდგა მაცივრები, სადაც ხორცი თუ რძის ნაწარმი და მალფუჭებადი პროდუქტი ინახება:
“რაც შეეხება თევზით მოვაჭრეებს თუ ერთჯერადად გამოტანილ პროდუქტს, ეს ჩვენ არ გვეხება, ინდმეწარმეები არიან და აქა-იქ დგანან”, _ გვითხრეს მათ.
ჩვენ ოზურგეთის ბევრი ქუჩა და უბანი მოვიარეთ, უფრო ცენტრალური ადგილები და საოცარ სურათს წავაწყდით _ არ არის ეზო, სადარბაზო, სკვერი, ღია ცის ქვეშ მდებარე კაფე თუ მოსაცდელი, სადაც ძაღლს არ წააწყდებით. შევადგინეთ საგანგებო არქივიც. ძაღლები არიან ყველგან და ასევე, ყველგან ისმის კითხვა, საიდან მოდის ამდენი ძაღლი, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით?
“გურია ნიუსმა” მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას და გააცნო მოქალაქეთა პრინციპული პოზიცია შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით.
საპასუხოდ მერიის პრესსამსახურიდან ასეთი წერილი მივიღეთ:
“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს. 2019-2020 წელს თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმება. მუნიციპალური თავშესაფარი არაკომერციული დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველთა პოპულაციის მართვას. ცხოველთა თავშესაფარი შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსდება და აღიჭურვება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, თავშესაფარში აუცილებელია ხუთი ძირითადი თავისუფლების პრინციპის დაცვა, ესაა: წყურვილისა და შიმშილისგან თავისუფლება, დისკომფორტისგან თავისუფლება, ტკივილის, ჭრილობის და ავადმყოფობისგან თავისუფლება, თავისი სახეობისთვის დამახასიათებელი ნორმალური ქცევის გახორციელების თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, შიშისგან და სტრესისგან თავისუფლება. თავშესაფარი ვალდებულია, აწარმოოს ცხოველთა აღრიცხვა და უზრუნველყოს თავშესაფარში მათი ბრუნვის ამსახველი სტატისტიკა, ყველა ცხოველის სტერილიზაცია და ვაქცინაცია. თავშესაფარში 24-საათიანი “ქოლცენტრი” იმუშავებს, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოძახება ცხოველის თავშესაფარში გადასაყვანად. თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთა დაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება”.