მსახიობებს დატვირთული და ამავდროულად, საინტერესო ცხოვრება გააჩნიათ. ისინი მუდმივად დაკავებულები არიან. სპექტაკლებში მონაწილეობას სხვადასხვა კინოფილმებში გადაღებები ენაცვლება, მოგზაურობაც ხშირად უწევთ და რა გასაკვირია, რომ ამ პროფესიის ადამიანებს გასახსენებელი ყოველთვის აქვთ.
საქართველო პატარა ქვეყანაა და თანამემამულე აქტიორები ყურადღების დეფიციტს არასდროს უჩიოდნენ. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ისინი არაერთ კურიოზულ მდგომარეობაში აღმოჩენილან და ამ „ისტორიების“ დიდი ნაწილი ჩვენი თანამემამულეებისთვის დღემდე უცნობია.
თავდაპირველად სიტყვას მსახიობ ნიკა წულუკიძეს გადავცემთ, რომელიც ერთ „ორიგინალურ ისტორიას“ მოიგონებს.
„კახი კავსაძე რა რანგის და რა დონის მსახიობია, ყველასთვის არის ცნობილი. მის პროფესიონალიზმს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ის, რომ ბატონ კახის სიშიშვლის კომპლექსი არ აქვს, შემოქმედებაში ვგულისხმობ. სცენაზე საცვლისამარა გამოდის, ჭრელა-ჭრულა, ფერად-ფერადი საცვლით.
„მოხუცი ჯამბაზების“ დროს ზინა კვერენჩხილაძე და მედეა ჩახავა ეუბნებოდნენ, როგორ იხდი, როგორ არ გრცხვენიაო. ამაზე ბატონმა კახიმ, რას ჰქვია მრცხვენიაო, ავიდა სცენაზე, ჩაართვევინა მუსიკა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სტრიპტიზის ცეკვა დაიწყო. სათითაოდ, ცეკვა-ცეკვით გაიხადა პერანგი, დაატრიალა და სცენიდან ისროლა კიდეც. სკამიც დადგა. სკამზე ფეხი შემოდო, პერანგის შეხსნა რომ დაიწყო, ქალბატონი ზინა გაგიჟდა და გადაირია. ისმოდა წივილ-კივილი. განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოჰყვა, როდესაც ბატონი კახი საცვლებამდე მივიდა და იმასაც, რომ დაუწყო ქვევით დაქაჩვა, ვინ სად გარბოდა, ვერ გაიგებდი.
ასეთი ჟრიამული რეპეტიციებზე სულ იყო. ზინა კვერენჩხილაძე – ქართული სიტყვის ოსტატი. როგორ შეიძლებოდა მის თანდასწრებით რაიმე უხეში ან არაქართული სიტყვა გეხსენებინა. გურამ საღარაძე და კახი კავსაძე კი, თუ სადმე რამე სიტყვა იყო „ტყ“, „ჭყ“ და ასეთი მჟღერი ასოებით გაძეძგილი ყველაფერს ქალბატონი ზინას თანდასწრებით ამბობდნენ. ზინა წამოხტებოდა, გაიქცეოდა, ბატონი გურამი ჩაუკეტავდა სარეპეტიციოს კარს, გასაღებს გულის ჯიბეში ჩაიდებდა და ეუბნებოდა, თუ გასაღები გჭირდება, ჩაყავი ხელი და ამოიღეო. მთელი ამბები იყო.
იცით როგორ მშურდა?! გეფიცებით ყველაფერს, ჩემი არც ერთი სამეგობრო წრე, „სასტავს“ რომ ვეძახით, ისე არ ერთობა და არ ატარებს დროს როგორც ეს ადამიანები. მათ შორის კი ოთხმოც წლამდე ან ოთხმოცს გადაშორებულიც იყვნენ. მსაყვედურობდნენ კიდეც მეგობრები, მთელი ერთი წლის განმავლობაში არავინ მინახავს, სულ რუსთაველის თეატრში ვიყავი.
ერთხელ ქალბატონი მედეა მოვიდა. როგორ იყო იცით? თვითონ ყოველთვის ხაზს უსვამდა საკუთარ ასაკს, მაგრამ შენ თუ შეახსენებდი, არ მოსწონდა. კიბეზე თუ ადიოდა, ხელს ვერ მიაშველებდი. რა არის, დავბერდი? იტყოდა და კიბეზე აკუნტრუშდებოდა ხოლმე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ერთხელ ვუთხარი, ვასილევნა, თექვსმეტი წლის გოგოსავით გამოიყურებით-მეთქი და რაო? რომ მომიბრუნდა ძალიან ნაწყენი სახით, მივხვდი რაღაც ისე ვერ ვთქვი. ყოველგვარი ხუმრობის გარეშე შემომხედა და მითხრა, ეს „სავით“ – რას ნიშნავს? ზუსტადაც რომ თექვსმეტი წლის ვარ, აბა, რამდენია, რვას რომ რვა მიუმატოო. ოთხმოცდარვა წლის იყო მაშინ. ასეთი ამბები ხდებოდა „ჯამბაზებში“.
მოგონებებს ბატონი ბაადურ წულაძე გააგრძელებს, რომელიც კახი კავსაძესთან დაკავშირებულ კიდევ ერთ კურიოზს გაიხსენებს.
„დიდი მეგობრობა მაკავშირებდა კახისთან და ბერიკასთან. ჩვენ ბევრი საერთო თავგადასავალი გვაქვს. მოგიყვებით ერთ შემთხვევას: ერთ ნოველაში არის მომენტი, როდესაც ჩვენ ვვარდებით ღვინით სავსე აუზში. ამის გადაღება მიმდინარეობდა 30 დეკემბერს. წაგვიყვანეს ღვინის ქარხანაში. „მარგანცოვკით“ შეღებილი წყალით აავსეს აუზი, ვითომდა ღვინით იყო სავსე. სიცივეა, ყინავს. როგორ ჩავიდეთ ამ გაყინულ წყალში, არადა, იმავე დღეს უნდა მოვრჩეთ ყველაფერს და დავბრუნდეთ, რომ საახალწლოდ მოვემზადოთ. რა ვქნათ, რა ვქნათ და, ბოლოს, მოიფიქრეს: აკვალანგების კოსტიუმები ჩაიცვით და ისე ჩახტითო. თავები ხომ უნდა გამოგვჩენოდა, ამიტომ, აკვალანგისტების კოსტიუმს კაპიუშონი არ მიამაგრეს.
ჩაგვაცვეს და ისე გადავეშვით. ის კაპიუშონი ჰერმეტიზაციას აკეთებს და მის გარეშე, კისრიდან წყალი ჩავიდა, ჩაჰყვა ხერხემალს, მაგრამ, ვიფიქრეთ, ჯანდაბას, ოღონდ დროზე მოვრჩეთო. როგორც იქნა, ჩავათავეთ გადაღება. ამოვედით, არაყიც მზად დაგვახვედრეს, გადავკარით და დავბრუნდით სახლებში“.
ერთხელ არაორდინარულ მდგომარეობაში ბატონი რამაზ ჩხიკვაძე აღმოჩნდა. ამ შემთხვევასაც ბაადურ წულაძე მოგვიყვება.
„რამაზ ჩხიკვაძე მოგვიყვა ერთხელ. მოლდავეთში იღებდნენ და სცენა იყო, კასრში უნდა ჩამძვრალიყო. კაცო, ვუყურებ, პატარაა, ამაში როგორ უნდა ჩავძვრეო, – უთქვამს ჩხიკვაძეს. ბატონო რამაზ, გევედრებით, რეჟისორი გაგვყრის სამსახურიდანო, – შეეხვეწნენ დანარჩენები.
უფიქრია – ჯანდაბასო და ჩაძვრა, არადა, არ ეტევა, ზემოდან კი მთელი ჯგუფი აწვება, აწვება და უცებ – დრახ!“ – გაისმა და მუხლი გადაუტყდა. ასე მოსტეხეს ადამიანს ფეხი“.
მსახიობი მამუკა ლორია სპექტაკლების მიმდინარეობებისას სხვადასხვა ხათაბალაში არაერთხელ აღმოჩენილა.
„ერთ პიესაში ფილოსოფოს, ჭკვიან ლოკოკინას ვთამაშობდი. ერთ-ერთი სპექტაკლის დროს ნამეტანი მთვრალი ლოკოკინა ვიყავი, რომ შევძვერი იმ ნიჟარაში, უკან ვეღარც გამოვძვერი.
მეორე კურიოზსაც მოგიყვებით ამავე სპექტაკლზე. მეორე მოქმედება რომ იწყებოდა, ნელ-ნელა მოვძვრებოდი სცენაზე და ბავშვებს ვეკითხებოდი, ბავშვებო, დავიწყოთ მეორე მოქმედება? ამ დროს მთელი დარბაზი იძახის „დიახ“! პირველ რიგში იჯდა პატარა გოგო, რომელიც გამწარებული ყვიროდა – „არას“. კიდევ ერთხელ ვიკითხე, დავიწყოთ მეორე მოქმედება-მეთქი და ეს ბავშვი ისეთ დღეში ჩავარდა, თმა ყალყზე დაუდგა და არაო, – გაჰყვიროდა. ისე დამღალა მისმა კივილმა, გამწარებული მივუბრუნდი და ვკითხე, რატომ არა-მეთქი! ჩემი ძმა ფისის შვრებაო. მე მგონი, ის ბავშვი დღესაც გაბრაზებულია ჩემზე. აბა, რა მექნა, 800 კაცს ხომ ვერ გავაჩერებდი ფისის გამო?!
ერთი სპექტაკლი იყო კიდევ „მერი პოპინსი“. სცენაზე ჰაერი არასწორად შევისუნთქე და ისეთი ხმა ამომივიდა ყელიდან, სულ ყიყლიყოები გავუშვი. მთვრალი ინდაურივით დავამთავრე ტექსტი და ბიჭებმა გამომაგდეს“.
დღევანდელ წერილს ბატონი გიგა ლორთქიფანიძის ერთი მოგონებით დავასრულებ, რომელსაც გარკვეული ნოსტალგიური დატვირთვა გააჩნია.
„სრულიად ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი – 25 წლის, როდესაც ქუთაისის მთავარ რეჟისორად დავინიშნე. უზარმაზარი ტრადიციების თეატრი იყო, სადაც ჩემამდე ქართული თეატრის დიდოსტატი ვასო ყუშიტაშვილი მუშაობდა. შალვა დადიანი იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე და ქუთაისში თეატრალურ საზოგადოებასთან ერთად ჩამოვიდა. გაიმართა სუფრა და… არასოდეს დამავიწყდება მისი თამადობა – ეს იყო თეატრის, ხელოვნების შეფასება. ყოველი სადღეგრძელო მისი შემოქმედების ანალიზი იყო. გასაგიჟებელი, გასაოცარი თამადა გახლდათ. ჩვენ მაგრად დავთვერით, რადგან შალვა დადიანს იმ ასაკშიც კი ღვინის სმაში ვერ შეეჯიბრებოდი.
ბოლოს, რომ დამთავრდა ქეიფი, მოითხოვა, ახლა მოიყვანეთ ფაეტონი და არღანიო. ამ ხნის კაცმა. იმ დროს აღარ იყო ფაეტონი და არღანი ქუთაისში, მაგრამ იპოლიტე ხვიჩია (მაშინ ის ქუთაისის თეატრში მუშაობდა) გავარდა, იშოვა ძველი ფაეტონი, არღანი და მოიყვანა.
გვარად მელია იყო, ვიღაც ძველი მეფაეტონე. შალვა დაჯდა მეფაეტონის გვერდით და ასე წავედით ქალაქგარეთ რესტორანში. ხალხი გამოსული იყო ქუჩაში და უყურებდა, როგორ იჯდა ეს ლეგენდარულ ადამიანი ფაეტონზე. ატრიალებდა არღანს და ქეიფობდა. მან ჩვენ გვაჩვენა, რა არის ქეიფი. ეს არის დროსტარების უბრწყინვალესი ტრადიცია, ადამიანური საუკეთესო თვისებების გამოვლენა. თავ-პირის მტვრევა კი არა, როგორც ხშირად ხდება დღეს“.
[sexy_author_bio]