ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში ორი დიდი პროექტი _ გზის მოასფალტება და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს. დაბაში ყოფნის დროს “გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ორივე პროექტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დახმარებით კეთდება.
“ხეები გააქვთ დაბა ლაითურიდან და სამაგიეროდ, ეს ორი პროექტი ხორციელდება. საუკუნის საქმე კეთდება და ყველა მივესალმებით მსგავსი საქმეების კეთებას. როგორც გავიგეთ ბიძინა ივანიშვილი ხეების გატანის გამო აკეთებს ამ ყველაფერს. როგორც ამბობენ, 20 ხე უნდა გაიტანონ ლაითურიდან, თუმცა, დაზუსტებით არაფერი ვიცით“, _ გვითხრეს დაბა ლაითურში.
ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურებში. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მერია-ლაითურის საავტომობილო გზის 5.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 975 000 ლარს შეადგენს. პროექტი 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
წყლის პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 4 703 426 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ 3 300 აბონენტი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დასრულდება.