დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დემოკრატიული ჩართულობის მედიაცენტრში გაიმართა დისკუსია: „რელიგიის როლი და გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე“.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ სკოლამდელი დაწესებულებების და სამრევლო სკოლების პედაგოგები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, წმიდა სტეფანეს სახელობის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი პადრე გაბრიელ ბრაგანტინი, დეკანოზი ვახტანგ თოხაძე, მუსლიმთა სამმართველოს მუფტის მრჩეველი, თეოლოგი თემურ გორგაძე.
დისკუსიაში მონაწილეებმა პერსონალურად ისაუბრეს.
საინტერესო იყო თემურ გორგაძის გამოსვლა. გორგაძემ რელიგიების მხრიდან ქალის როლის განსაზღვრაზეც ისაუბრა. მისი თქმით, „პოლიტიკური ხმები მაღალმთიანი ხულოს თუ კახეთის ისეთი ადგილებში, სადაც რელიგიური უმიცრესობები ცხოვრობენ, ხელისუფლებას მიაქვს. ისლამში მხოლოდ სულიერი ინსტიტუტია, ქართულში, ქრისტიანობაში ეს ასე არ არის. ასევე ქალებისთვის კვოტის დაწერაც, ზოგადად, დისკრიმინაციაა, გენდერული საკითხი მოდა გახდა და დონორები ამას აფინანსებენ“, _ თქვა თემურ გორგაძემ.
მოსაზრებას ნაწილობრივ არ დაეთანხმა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლის პედაგოგი ინგა სირაძე. როგორც მან აღნიშნა, არჩევნებზე დამკვირვებელი იყო რელიგიური უმცირესობით დასახლებულ სოფელში, სადაც ხმა უკვე ყოფილ ხელისუფლებას მისცეს.
„როცა ამ ადამიანებს დაუსვეს კითხვა: სოფელ შემოქმედში ყველაფერი გაკეთებულია, ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული და მაინც ოპოზიციას მისცეს ხმა (საუბარია 2012 წლის არჩევნებზე _ ავტ), თქვენთან ეს არცერთი არ გაკეთებულა და მაინც არსებულ ხელისუფლებას რატომ აძლევთ ხმასო, მათ თქვეს, რომ ხოჯას თხოვნა შეასრულეს. ამიტომ ძალიან ნუ გამოვიდებთ თავს, რომ რელიგიური უმცირესობები არ უჯერებენ, ვთქვათ, ხოჯას თუ მოლას“, _ აღნიშნა სირაძემ.
სირაძის ამ განცხადებას პოლემიკა მოჰყვა.
_ რატომ უნდა დავუჯერო ხოჯას? _ გაისმა დარბაზში.
_ იმიტომ, რომ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენელი ამბობს, პოლიტიკურად არ არის ეს მრევლი განათლებულიო, _ უპასუხა ინგა სირაძემ.
მამა გაბრიელ ბრაგანტინის გამოსვლამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. მან ისაუბრა ქალების პოლიტიკაში ჩართულობასა და გენდერულ საკითხზე.
_ პოლიტიკაში ქალების ჩართულობა არ არის პრობლემა. პრობლემა არის შედეგი. დისკრიმინაცია არის და არ საუბრობენ. იდეოლოგია გახდა გენდერული? რატომ. გენდერული საკითხი თავიდან თანასწორობა იყო და სულ სხვა გახდა, შედეგია სხვა, _ თქვა მან.
დისკუსიის მსვლელობისას აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ყველა მხარემ ურთიერთპატივისცემა გამოიჩინა და უკმაყოფილება ერთმანეთის მიმართ არ გამოუხატავთ. პირიქით, მათ აღნიშნეს, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა და სამომავლო სადისკუსიო თემაც შეარჩიეს.