საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი თანაგუნდელებთან ერთად, სოფელ ღრმაღელის, ქვიშიანის, ზედა და ქვედა ომფარეთის მოსახლეობას შეხვდა.
ალექსანდრე სარიშვილმა ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა თედორაძე წარუდგინა და მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ადგილობრივების განცხადებით, მათთვის პრიორიტეტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გაზიფიცირება, წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაა.
როგორც ალექსანდრე სარიშვილმა აღნიშნა, პირველ რიგში, ის პრობლემები უნდა მოგვარდეს, რასაც მოსახლეობა პრიორიტეტად მიიჩნევს და ეს მხოლოდ მათი ჩართულობის შედეგად მიიღწევა.
„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. რაც შეეხება გაზიფიცირებას, დაწყებულია დაპროექტება და 2018 წლის ბოლომდე, ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების გაზიფიცირება დასრულდება. ჩვენს მუნიციპალიტეტში ორ მილიონ ლარამდეა მიმართული სკოლამდელი აღზრდის დაფინანსებაზე და სამომავლოდ, ამ კუთხით მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსება კვლავ გაიზრდება“, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში ასევე, გაგრძელდება საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია.